ლარის მკვეთრ გაუფასურებას, როგორც საბაზო სცენარს, არ განვიხილავთ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა  ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

"ხვალ, ზეგ როგორ შეიცვლება ის ფაქტორები, რაც მოქმედებს ლარის კურსზე,არ ვიცი და  ვერც მეცოდინება. ერთადერთი, ნამდვილად შემიძლია გითხრათ ის, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები იმპორტის გათვალისწინებით, დღეს  გაუარესებული არ არის. რაც შეეხება ე.წ სენტიმენტებს, აქ ჩვენ ისეთი ნეგატიური დინამიკა არ გვაქვს როგორც ადრე იყო, მაგრამ გაუმჯობესებაც არ ჩანს,“-აცხადებს ნადარაია.

"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი ლარის ბოლო პერიოდის გაუფასურებასაც ეხმაურება და ამის მიზეზად  ე.წ  სენტიმენტებს  და ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებებს ასახელებს.

როგორც ნადარია განმარტავს, დინამიკაში ჩანს, რომ შენელებულია როგორც  ეკონომიკური აქტივობა, ისე ტურისტული შემოდინებები, თუმცა, ეს ორი მიმართულება მაინც დადებით დონეზე რჩება.

"ტურიზმის შენელება უარყოფითი ფაქტორია, თუმცა, უნდა გავითვალსიწინოთ იმპორტის კომპონენტი, რომელიც ბუნებრივია არის არამხოლოდ ტურიზმში, არამედ  იმპორტში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდია. ჩვენი შეფასებით, მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით (2024 წელს, წლიურად საშუალოდ $1.1 მლრდ-ი)  ე.წ ტრადიციული ტურიზმი დაახლოებით $4.4 მლრდ-ს შედაგენდა, თავისი  50%-იანი იმპორტის კომპონენტით.

ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს საქონლის იმპორტი, რომელიც არის დაახლოებით $15-$16 მილიარდი. მნიშვნელოვანია, რომ ე.წ სენტიმენტების გაუარესების  და გაურკვევლობის შედეგად, უფრო ნაკლებია რეზიდენტების ხარჯები. სექტორულ მონაცემებს რომ დავკვირდეთ, ეს განსაკუთრებით ჩანს გრძელვადიანი მოხმარების საგნების შემთხვევაში, მაგალითად, ისეთებზე, როგორიცაა ელექტრონიკა, ტელევიზორები, ავეჯი და ა.შ. ეს კი  ბუნებრივი ტენდენციაა. ასეთ დროს უფრო გრძელვადიანი მოხმარების ნივთების შესყიდვა ხდება უფრო ნაკლები რაოდენობით.  ეს კი  ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული ეკონომიკური აქტიობისთვის  არის ნეგატივი, მაგრამ ლარის კურსისთვის ერთგვარი პოზიტივია. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხშირად ანალიტიკაში არ ჩანს.

რაც შეეხება სხვა შემოდინებებს,  მაგალითად, თუ ავიღებთ გზავნილებს, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები გვიგზავნიან, ამ კუთხით დინამიკის არსებითი ცვლილება არ შეინიშნება,“-აცხადებს ნადარაია.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ  გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8808 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0263 ლარია. 

BP.GE