თხევადი გაზის ფასი შემცირებულია. თუ სექტემბრის დასაწყისში მისი ღირებულება 1.70 ლარს შეადგენდა, ახლა 1.30 ლარამდე დაიკლო. როგორც თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია bpn.ge-სთან განმარტავს, ამის მიზეზი რუსეთს ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებია.

კერძოდ, მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თხევადი გაზის იმპორტს სრულად რუსეთიდან ახორციელებს, ყოველ ზაფხულს იქ შექმნილი დეფიციტი ჩვენს ბაზარზეც პირდაპირპროპორციულად ისახება.

უფრო კონკრეტულად, ნიკა ხოფერია განმარტავს,რომ ზაფხულში რუსეთში მოგზაურობის და გადაადგილების პერიოდია, შესაბამისად, თხევად გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება. სექტემბრის ბოლოდან კი, მოთხოვნის შემცირება და მიწოდების ზრდა იწყება.

„ფასი შემცირებულია. თუ გახსოვთ, სექტემბერში ფასი იყო ყველაზე მაქსიმალური და მაშინ გითხარით, რომ 20 სექტემბრის მერე დაიწყებოდა კლება და ფასი დასტაბილურდებოდა. ასეც მოხდა. მას შემდეგ, 3-4 თვეა არის 1.30-ის ფარგლებში (პლუს-მინუს 5-10 თეთრი). ეს ყოველ წელიწადს ასეა. ამის მიზეზი, რუსეთში ყოველ ზაფხულს თხევადი გაზის მოხმარების ზრდა და ბაზარზე შექმნილი დეფიციტია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიბმული ვართ რუსეთის ბაზარზე, როგორც არის იქ ფასი, ასახვა პირდაპირ სარკისებურად ხდება აქ“,- განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

კითხვაზე, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზის ფიუჩერსები იზრდება, საქართველოს რაიმე კუთხით თუ შეეხება, ნიკა ხოფერია ამბობს, რომ არა და ამ ეტაპზე ჩვენთან ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციას, ეს ჩვენთან არ აისახება. იმიტომ, რომ რაც უცხოურ მედიაში იწერება, ის არის ევროპაზე მიბმული ფასები, იქ მიწოდება ხდება ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან, და, არა რუსეთიდან. შესაბამისად, ფასების ზრდას აქ არ უნდა ველოდოთ, ჩვენ ხომ არ ვართ საერთაშორისო ფასებზე მიბმული“,- განმარტავს ნიკა ხოფერია.

იმ შემთხვევაში კი, თუ თხევადი გაზის მოწოდების კუთხით რაიმე პრობლემები შეიქმნება, რამდენი ხნის მარაგი აქვს საქართველოს - ნიკა ხოფერია ამბობს, რომ დაახლოებით, 10 დღის.

„დიდხნიანი მარაგების საშუალება საქართველოს არ აქვს. შეიძლება გვქონდეს 10-დღიან ჭრილში, მაგალითად, თუ არ შემოვიდა საერთოდ, შეიძლება 2 კვირა „გაქაჩოს“ საქართველომ, მაგრამ როგორც კი მაგაზე მეტ ხანს გაგრძელდება შემოდინების შეფერხება, იმ წუთასვე ხდება დეფიციტი და ბაზარზე ასახვა“- განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

წყარო: BPN.GE