ეპიზოდი მეშვიდე

(დავით ცეცხლაძისთვის თანხის დაკისრების საქმე - არსებითი განხილვა)

თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებით მიმდინარე დავებიდან ერთ-ერთის, კერძოდ - დავით ცეცხლაძისთვის თანხის დაკისრების საქმის არსებითი განხილვა.

საქმეს იხილავს მოსამართლე დავით აკობიძე, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

14 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ აწარმოა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა. მოისმინა მხარეთა შუამდგომლობები მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებების საქმიდან ამორიცხვის თაობაზე, თუმცა არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა და მხარეებს განუმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას თავად გადაწყვეტს, წარდგენილთაგან რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ საკითხის კონკრეტულ არსს, - „საქართველოს განათლების ჯგუფი“ დავით ცეცხლაძისგან ითხოვს ნათია ჯანაშიას, როგორც აკადემიის დირექტორის მიერ, მისი ქმრისთვის, თვითნებურად ჩარიცხული ანაზღაურების უკან დაბრუნებას.

საქმე ეხება 9 თვიან პერიოდს, - „განათლების ჯგუფის“ მიერ ნათია ჯანაშიას გაფრთხილების შემდგომ (რომ მას აღარ გაუგრძელდებოდა მენეჯმენტ კონტრაქტი), ვიდრე  იურიდიულად მის განთავისუფლებამდე.

შეგახსენებთ, ნათია ჯანაშიამ ყველა პროცესუალური საშუალება გამოიყენა, რომ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორის პოსტზე ყოფნა ფორმალურად მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა. ამ პერიოდში მან, როგორც საკუთარ თავს, ისე ქმარს, დავით ცეცხლაძეს, ყოველთვიურად ურიცხა ხელფასი - წლიური 500 000 ლარის შესაბამისი ყოველთვიური მოცულობით. სწორედ ამ სახსრების უკანონოდ გაცემას დაობს და შესაბამისად, ნათია ჯანაშიაზე და დავით ცეცხლაძეზე მათ დაკისრებას ითხოვს“ განათლების ჯგუფი”.

სასამართლო სხდომა 16 ნოემბრისთვის გადაიდო და იგი მხარეთა პაექრობის ეტაპით გაგრძელდება.