სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესს სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სავალდებულო ჰიგიენური მოთხოვნები და შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საწარმოებში ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მნიშვნელობასადა სურსათის უვნებლობისთვის შესაძლო საფრთხეების მინიმუმამდე შემცირების აუცილებლობაზე ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის წარმოებამდე. ასევე, განიხილეს შეფუთვისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ეტიკეტირების წესების საკითხები.

„პურთან დაკავშირებით მომხმარებლის გახშირებული მომართვიანობის ფონზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს შეხვედრებს პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან. სააგენტოს მიზანი არ არის სადამსჯელო სანქციები.

ჩვენთვის უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული და ბიზნესმა შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება.

ვიმედოვნებ, ურთიერთთანამშრომლობით მივაღწევთ იმ შედეგს, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს უვნებელი სურსათით“, -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში განაგრძობს.