Emaar ჯგუფის შემოსვლა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე, - ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, Emaar ჯგუფის შემოსვლა საქართველოში ეს უკვე ნიშნავს სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე დიდ ეფექტს მოახდენს.

„სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მე დარწმუნებული ვარ Emaar-ის შემოსვლა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე. მე მგონია და სტატისტიკაზე დაყრდნობით მჯერა, რომ Emaar-ის შემოსვლით უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველა ქვეყანაში, სადაც Emaar შევიდა მომდევნო 2-3 წელიწადში უძრავი ქონების ფასები გაორმაგდა, ტრანზაქციების რაოდენობაც გაორმაგდა. ეს არის ახალი ჯგუფი მომხმარებლებისა, რომლებიც შემოვლენ საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან და კიდევ უფრო მომზიდველი გახდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი.

უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება და დაბუსტვა თქვენ მოგეხსენებათ თუ რა გავლენას ახდენს მთლიან ეკონომიკაზე. ეს აისახება როგორც სამუშაო ადგილების გაზრდაზე, ისე ხალხის დასაქმებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და მე ვიტყოდი, რომ მსგავსი ტიპის ინვესტორი საქართველოში არ ყოფილა და ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი თითოეული მოქალაქე“ - აცხადებს ილია წულაია.