უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა ბანკმა უკეთესად მართა ფასების სტაბილურობის გამოწვევები ვიდრე ბევრმა მოწინავე განვითარებულმა ქვეყანამ - ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტმა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტმა დუგლას ლაქსტონმა, სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „გლობალური ეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენა და რისკები“ განაცხადა.
დუგლას ლაქსტონმა, პრეზენტაციის ფარგლებში აღნიშნა, რომ სებ-მა უკეთესად მართა ფასების სტაბილურობის გამოწვევები ვიდრე ბევრმა მოწინავე განვითარებულმა ქვეყანამ.
„მე ვისაუბრე იმ შესაძლო რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გლობალური ეკონომიკა დგას და რომელიც ყველა ქვეყნისთვის რელევანტურია, მათ შორის, ისეთი მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა ბანკმა უკეთესად მართა ფასების სტაბილურობის გამოწვევები ვიდრე ბევრმა მოწინავე განვითარებულმა ქვეყანამ. ასევე, ცენტრალური ბანკის ღია კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან კარგია და ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში ფართოდ უნდა გავრცელდეს“, - განაცხადა დუგლას ლაქსტონმა.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს რეგიონალური გამოწვევები და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გზები.
სემინარის მიზანი არსებული ეკონომიკური ტენდენციების გამოკვეთა და სამომავლო რისკების ანალიზი იყო.
ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სებ-ის როლზე მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფაში.
„მოქნილობა, გამჭვირვალობა და ნდობა წარმატებული მონეტარული პოლიტიკის საფუძველია“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
მისივე განცხადებით, მანდატის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად ფასების სტაბილურობა, ნებისმიერ შემთხვევაში, შენარჩუნებული იქნება.
„ფასების სტაბილურობა სებ-ის მთავარი მანდატია და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო ფასების ზრდის ტემპის შენელება და მარტიდან მოყოლებული ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. აღნიშნული, სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც დროული გამკაცრების, ასევე დროული ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
პრეზენტაციები წარადგინეს მსოფლიო ეკონომიკის წამყვანმა ექსპერტებმა და სებ-ის საერთაშორისო მრჩევლებმა - დუგლას ლაქსტონმა და დევიდ ვავრამ.
დევიდ ვავრამ, ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ეფექტიანობაზე და იმ ახალი რისკების გადაჭრის გზებზე, რის წინაშეც საფინანსო სექტორი დგას მთელ მსოფლიოში და საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ დუგლას ლაქსტონი, რომელიც მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კანადის ცენტრალურ ბანკში, აქტიურად იყო ჩართული სებ-ის პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის (FPAS) შექმნაში. თავის მხრივ, დევიდ ვავრას ცენტრალური ბანკებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზირების მიმართულებით.
სემინარს „გლობალური ეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენა და რისკები“ ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საფინანსო სექტორის, ანალიტიკური ცენტრების, კვლევითი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
მსგავსი დისკუსიებით საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს პროფესიონალებსა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მათთვის ჯანსაღი სადისკუსიო პლატფორმის შეთავაზებას.