2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70 წელს ზემოთ - 60 ლარით. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი რედაქციით, საჯარო სექტორში ხელფასები 8.4-ით მოიმატებს.
"ბიუჯეტი შემოდის 3 ეტაპად - პირველი ეტაპი არის 1-ელ ოქრომბრამდე, რომელიც ახლა არის, იხილება მხოლოდ კომიტეტზე. მეორე ეტაპი არის ნოემბერში და მესამე - დეკემბერში. ახლა რაც შემოვიდა, არსებითად შეიცვლება მეორე და მესამე მოსმენაზე, თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობა დააკვირდება, რა შედეგებით დასრულდება ეკონომიკური ზრდით და შესრულებით, თუ როგორ ასრულებენ სამინისტროები სექტემბერ-ოქტომბერს და ამის მერე უფრო ზუსტად იქნება განსაზღვრული ბიუჯეტის პარამეტრები.
ახლა რაც შემოვიდა და შეიძლება ვნახოთ, ეკონომიკური ზრდა არის - 5%, ინფლაცია - 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%. მთავრობის ვალი 31.6% , რაც საუკეთესოა სამეზობლოში და ევროპაში. როგორც შარშან იყო, გრძელდება. ნაერთი ბიუჯეტი თითქმის ₾2 მილიარდით იზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტი 1.2 მლრდ-ით გაიზრდება. ასევე, პრაქტიულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები.
რაც შეეხება სოციალურ საკითხებს - პენსიებს კანონი ადგენს და ავტომატურად დაანგარიშდა და გამოდის შემდეგნაირად - 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის მთაში მცხოვრებ ხალხს 665 ლარი ექნებათ, ხოლო 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში 20 ლარით მოიმატებს. იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. როგორც იცით, მიბმულია 70 წელს ზემოთ და ქვემოთ შშმ პირებიც. ამ ეტაპზე, საჯარო სექტორში ხელფასები 8.4%ით მოიმატებს. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება. ეს არის წინასწარი მონაცემები.
ორშაბათიდან დაიწყება კომიტეტებში განხილვები. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ბიუჯეტი არის პირველადი და მეორე და მესამე მოსმენაზე გაიზრდება”,-განაცხადა კვიჟინაძემ.












