“ბოლო 2 დღეა, ლარი მყარდება, ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ კურსის რყევას რაიმე ფუნდამენტური ფაქტორების ზეგავლენა არ ჰქონდა”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსი სტაბილურია.

“მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში სავალუტო კურსი შედარებით გაუფასურდა. ეს შედარებით, თუნდაც  მცირედი გაუფასურება დაკავშირებულია არა ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებთან (ვგულისხმობ ექსპორტს, ფულად ნაკადებს, საგადამხდელო ბალანსს, საგარეო სავაჭრო ბრუნვას), არამედ, დაკავშირებულია  მოლოდინებთან. ამ ფაქტორში მოლოდინები მაინც გარკვეულად გადამწყვეტია. ეს რომ გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებთან იყო დაკავშირებული, დამტკიცდა. ბოლო ორი დღეა, ლარი მყარდება. ანუ ეს (კურსის რყევა) 

ფუნდამენტურ ფაქტორებთან არანაირ კავშირში არ იყო, რადგან როცა ფუნდამენტური ფაქტორები უარესდება, ლარის კურსს ასეთი ცვალებადობა არ აქვს ხოლმე, პირიქით,  გაუფასურების ტრენდზეა. აქედან გამომდინარე, ლარის კურსი სტაბილურია.

პროტესტის სიმძაფრის დღეებში, ანუ პიკურ პერიოდებში აჟიოტაჟური მოლოდინი იყო. მაშინ, მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკს ბაზარზე ჩარევა და ინტერვენციების გაკეთება მოუწია, რათა აჟიოტაჟური მოლოდინი ჩაეცხრო. ვნახეთ, რომ მისი პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებული იყო.

მიუხედავად 600 მილიონამდე ინტერვენციებისა სექტემბერ-ნოემბერში, დეკემბერში აქეთ შეისყიდა 28 მილიონი დოლარი და  საერთაშორისო რეზერვები გაზარდა, რაც ინტერვენციების დროულ და სწორ სტრატეგიას უსვამს ხაზს.

დღეს კურსი სტაბილურია, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ფონი ისევაა. ეს პროტესტი გარკვეულ მოლოდინებს აპროვოცირებს.

ვიმეორებ, ბოლო 2 დღეა, ლარი მყარდება, ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ კურსის რყევას რაიმე ფუნდამენტური ფაქტორების ზეგავლენა არ ჰქონდა.

როგორი იქნება ლარის კურსი 2025 წელს – ეს, გარკვეულწილად, გარკვეულწილად  გლობალურ ფაქტორებზე, მათ შორის დოლარზეა  დამოკიდებული.  ჯერ კიდევ  არ ვიცით, როგორი იქნება დოლარის ქცევა. არის სხვადასხვა მოსაზრება, რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა დოლარის გამყარებას გამოიწვევს.  ბუნებრივია, როცა დოლარი გამყარდება, მას სხვა ვალუტებზე, მათ შორის  ლარზეც ზეგავლენა ექნება. ეს წმინდა თეორიული მსჯელობაა, ამიტომაც ამ თემის განვრცობა არ მინდა. ზოგადად,  როცა ეკონომიკური ზრდა მაღალია, როცა ფუნდამენტური ფაქტორები სტაბილურია, ლარის ქცევას სტაბილურია”- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დღეს  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8766 ლარია.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8808 ლარი იყო.