უახლოეს მომავალში კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების უცხოეთში წარმოებაზე ტარიფებს დავაწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„წარმოება ჩვენს ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ. იყო დრო, როდესაც დღეში ერთ გემს ვაშენებდით და ახლა ერთ გემსაც ვეღარ ვაშენებთ. არ ვიცით რას ვაკეთებთ. ყველაფერი სხვა ადგილებში გადავიდა. უახლოეს მომავალში კომპიუტერული ჩიპების, ნახევარგამტარებისა და ფარმაცევტული პროდუქტების უცხოეთში წარმოებაზე ტარიფების დაწესებას ვაპირებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ტარიფების მიზანი აღნიშნული პროდუქციის წარმოების აშშ-ში დაბრუნებაა.

„დაგვტოვეს და ტაივანში წავიდნენ, რომელიც, სხვათა შორის, ჩიპების ბიზნესის დაახლოებით 98%-ს მოიცავს. გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ, მაგრამ არ გვინდა მათ მილიარდობით დოლარი მივცეთ, როგორც ამას ბაიდენის აბსურდული პროგრამა აკეთებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.