„ჩვენ დღეს ვიმყოფებით სამშენებლო მოედანზე, სადაც უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აქტიური სამშენებლო პროცესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებს  ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V.  ახორციელებს.

„Jan De Nul N.V.-ის  ფლოტში შემავალი გემი უკვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და დაიწყო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები. აღნიშნულ გემს ასევე შემოუერთდება უფრო დიდი ზომის გემი აგვისტოს ბოლოსკენ, რომელიც გააგრძელებს აღნიშნულ სამუშაოებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამუშაოების მიმდინარე პროცესს მინისტრის მოადგილე შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორ ზურაბ სიჭინავასთან და კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორ ტიმ დევოლდერთან ერთად გაეცნო. როგორც აღინიშნა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პარამეტრები გულისხმობს 17.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებას და დაახლოებით 1400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელის მშენებლობას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ დიდი ტვირთამწეობის გემები, რომლებიც შავ ზღვაში დაცურავენ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავითარებს.

“საქართველოს მთავრობას აქვს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა იმისათვის, რომ საქართველოს როლი გაიზარდოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელებში“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის დაგეგმილია ტვირთბრუნვის გაორმაგება და შესაბამისად, საქართველო უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონში იყოს სანდო და ეფექტიანი პარტნიორი.

„აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.