გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლოკოკინის ფერმა შპს „ტიმეო“ დაათვალიერა და კომპანიის საქმიანობას გაეცნო.

შპს „ტიმეო“ ლოკოკინის ხორცისა და ნიჟარის წარმოებას ახორციელებს. კომპანიის პროდუქციის სარეალიზაციო ბაზარს იტალია და საფრანგეთი წარმოადგენს. საწარმოში 250-300 ადამიანია დასაქმებული.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე. ლოკოკინის ხორცს აქვს საექსპორტო პოტენციალი, ხოლო ნიჟარის გადამუშავება კიდევ უფრო ზრდის წარმოების ეკონომიკურ ღირებულებას. ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთი ახალი შესაძლებლობების გაჩენა რეგიონებში და ქართული აგროსექტორის დივერსიფიცირება; საქართველოში მეტი თანამედროვე და კონკურენტუნარიანი წარმოების შექმნა, რომელსაც ექნება როგორც ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების, ისე ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობა“,  - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ლოკოკინის ფერმაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ასევე  მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი იმყოფებოდნენ.