გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი მეგრელიძემ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრები დაბა მესტიაში, ლენტეხში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში გაიმართა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების, მათ შორის, სოფლების წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ დანერგილი ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა და მობილური აპლიკაცია meteo.gov.ge წარუდგინეს.
შეხვედრების მიზანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ICT სისტემის შესაძლებლობებისა და მისი გამოყენების მექანიზმების გაცნობა, ასევე, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და სისტემის ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა იყო.
ICT სისტემა თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ოპერატიულად შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, ასევე შესაბამისი გაფრთხილებების დროული გავრცელება. სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, ისე მოსახლეობის დროული ინფორმირების მიმართულებით.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით დანერგა. პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრებს მუნიციპალიტეტების მერიების, საკრებულოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტო ICT სისტემის შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში, ეტაპობრივად გამართავს.













