“ქართული მედიის მონიტორინგის პროცესში, აღმოჩნდა, რომ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას ქმარი, დავით ცეცხლაძე, 2011 წელს, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, როცა ის “კავკასიის აკადემიურ ცენტრს” ხელმძღვანელობდა, დაკავებული იყო და პატიმრობა ჰქონდა მისჯილი დიდი ოდენობით ქრთამის მიცემის ფაქტზე. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და შედეგად, იგი პატიმრობიდან განთავისუფლდა”, - აღნიშნავენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას მონიტორინგის სამსახურში.
აფბას ანალიტიკოსების თვალსაზრისით, მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ეს ფაქტი, რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი.
“როგორც ირკვევა, თავის დროზე, დავით ცეცხლაძის და მისი ბიზნესპარტნიორის დაკავება კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა, სოსო თოფურიძემ საზოგადოებას ამცნო, როგორც ბრიტანეთში შეძენილი სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭებისთვის, განათლების სამინისტროს ჩინოსნისთვის, დიდი ოდენობით ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დაკავების ამბავი.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ცეცხლაძე და მისი ბიზნესპარტნიორი გათავისუფლდნენ და ითქვა, რომ არა შეთავაზებას, არამედ გამოძალვას ჰქონდა ადგილი და სამინისტროს ჩინოსანი ნათია ჯანაშიას ქმარს, მინისტრი დიმიტრი შაშკინის და მისი მოადგილის, კოკა სეფერთელაძის სახელებით ელაპარაკებოდა”. - აღნიშნავენ აფბაში.
აფბას მონიტორინგის სამსახური ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ გამოძიებას არ აწარმოებს. მონიტორინგის სამსახურმა დავით ცეცხლაძის პატიმრობის ამბავი, ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართულ ღია წერილში აღმოაჩინა. 2024 წლის 20 მარტს, “ფორბსის“ ქართულ გამოცემაში გამოქვეყნებულია ფასიანი წერილი, რომელშიც დავით ცეცხლაძე წერს:
“2011 წელს სააკაშვილის მართლმსაჯულებამ, როგორც ასი ათასობით სხვა უდანაშაულო ადამიანი, გამოგონილი ბრალდებით გამასამართლა მე, დავით ცეცხლაძე და ჯოჯოხეთურ ციხეში მამყოფა ერთი წლის განმავლობაში. ციხეში გაუსაძლის პირობებში ყოფნის გამო შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენს ოჯახს წაართვა დიდძალი თანხა და 15 წლის განმავლობაში ნაშენები სამი ბიზნესი. ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლამ კი გაგვიჩინა იმედები, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვეღარასდროს გაბედავდნენ ბიზნესის რეკეტს, ადამიანთა წამებასა და მკვლელობას”
“საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ნათია ჯანაშიას ქმარი დააკავეს და გაასამართლეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში იგი სასჯელისგან გათავისუფლდა და სულ მცირე 60 მილიონი ლარის ქონება დააგროვა. დღეს ნათია ჯანაშია და მისი ქმარი, იმ მიზნით, რომ მათი სარჩელი ლონდონის სასამართლომ როგორმე წარმოებაში მიიღოს, პრაქტიკულად საქართველოს სახელმწიფოს და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდის. უჩივის მას და ბრალს სდებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლო შტოებს სრულად მართავს ოლიგარქია და რომ ივანიშვილმა ევროპის გზიდან გადაუხვია და რუსეთისკენ მიდის და რომ სწორედ ამიტომ, საქართველოში ნათია ჯანაშიას საქმეების განხილვას სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია”, - აღნიშნავენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.













