„ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე  უარს ამბობენ ერთობლივ განცხადებებზე და, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად ავრცელებენ სხვადასხვა ინფორმაციას მათ დაქვემდებარებულ გამოცემებში. როგორც ჩანს ეს ცვლილება მხოლოდ ტაქტიკური ხასიათის არ არის და უკავშირდება დავის წარმართვის სტრატეგიულ საკითხებზე წყვილის აზრთა სხვადასხვაობას“, - ამის შესახებ აფბას მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.

აფბას მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებო გახდა მას შემდეგ, რაც ჯანაშიას მიერ კონტროლირებად რესურსებზე შეიცვალა საინფორმაციო მასალების სტილი და თემატიკა, ამავდროულად ნათია ჯანაშიამ შექმნა ახალი, მის სახელთან ასოცირებული ვებგვერდი და ფეისბუქ გვერდი, მასთან დაახლოებული ერთი პირი მართავს და აკონტროლებს კიდევ 2 რესურსს, ხოლო, თავის მხრივ, დავით ცეცხლაძე “ლეგალ ნიუსზე” საკუთარი სახელით ავრცელებს განცხადებებს, რასაც აქამდე ერიდებოდა და ძირითადად ჩრდილიდან მოქმედებდა.

“თუკი დავის დაწყების საწყის ეტაპზე ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახური წყვილი ერთობლივ განცხადებებს ავრცელებდა, რომელიც ინვესტორის მიმართ უმეტესწილად დიფამაციური ხასიათის იყო, ხოლო კონკრეტული სახელმწიფო მოხელის ან უწყების მიმართ თხოვნით ხასიათს ატარებდა, ახლა ეს სტრატეგია შეცვლილია და ჯანაშია-ცეცხლაძის აგრესიის ობიექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, სასამართლო სისტემა და ხელისუფლების სხვადასხვა შტო გახდა. აქაც ჯანაშია-ცეცხლაძის გზები რადიკალურად იყოფა: ჯანაშია პერსონალურ შეტევაზეა გადასული სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ხელმძღვანელების წინააღმდეგ - მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან ხარაბაძის, იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, უზენაესი და თბილისის საქალაქო სასამართლოების, იუსტიციის საბჭოს წევრების წინააღმდეგ. დავით ცეცხლაძე კი ფინანსური ინსტიტუციებს ესხმის თავს. მისი სამიზნე ობიექტებია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, საჯარო რეესტრი, კომერციული ბანკები და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციები“, - წერია აფბას მონიტორინგის სამსახურის პრესრელიზში.

აფბაში აღნიშნავენ, რომ დავით ცეცხლაძის ავტორობით გამოქვეყნებულ არცერთ განცხადებაში არ არის მოყვანილი არცერთი დოკუმენტი, ან მტკიცებულება. რაც შეეხება ნათია ჯანაშიას, აქაც არგუმენტების მწვავე დეფიციტია. მიმდინარე წლის ივნისში ვებსაიტზე, რომელშიც ფიგურირებს ნათია ჯანაშიას სახელი და გვარი, გამოქვეყნდა არადოკუმენტირებული ფოტოები და დოკუმენტების არაიდენტიფიცირებადი ფრაგმენტები, რომლებიც ერთიმეორეს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება და ჯანაშიას საწინააღმდეგო მტკიცებულების ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა, ამ ვებგვერდის დეტალური ვერიფიკაცია, მისი ჯანაშიასადმი მიკუთვნებულობის მიზნით. სასურველი იქნება, თუ თავად ნათია ჯანაშია დაადასტურებს გვერდის ავტორობას, რომ შემდგომში არ მოხდეს იქ გამოქვეყნებული მასალების მის წინააღმდეგ გამოყენება.

აქედან გამომდინარე, აფბას მონიტორინგის სამსახურის ადასტურებს, რომ 2024 წლის მაისიდან მოყოლებული 2 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში გამოცემულ არცერთ განცხადებაში თუ მასალაში, ჯანაშია-ცეცხლაძეს ჯერჯერობით არცერთი სრულყოფილი დოკუმენტირებული არგუმენტი არ გამოუქვეყნებიათ, ხოლო მასალები ფრაგმენტირებული სახით გამოქვეყნება, რომელიც არ არის ვერიფიცირებული, მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

„ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დავის სასამართლო სხდომების მონიტორინგის პროცესში, რათა იქ მაინც მოვისმინოთ ჯანაშია-ცეცხლაძის ადვოკატების წარმოდგენილი მტკიცებულებები, ან თუნდაც არგუმენტები, რაც აი, უკვე 2 წლის განმავლობაში ვერ წარმოადგინა ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ - ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე“, - ამბობენ აფბაში.