როდესაც ვმუშაობდით ახალი პლატფორმის კონცეფციაზე მთელი აქცენტი კომერციული ბანკების მომხმარებლებზე გვქონდა, თუმცა ამავე დროს მოვიაზრებდით თავად კომერციულ ბანკებს როგორც ამ პლატფორმის მომხმარებლებს, რადგან მათთვისაც კომფორტულია ერთ სივრცეში ნახონ თავიანთი კონკურენტების მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაცია. ამით მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქტები შექმნან. სწორედ ამ მხრივ, ვფიქრობთ, რომ ახალი პლატფორმა კომერციულ ბანკებს შორის კონკურენციას ხელს შეუწყობს,  - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თავად მომხმარებლებს აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ კომერციული ბანკების მომსახურების პირობები და გაცვლითი კურსები ერთმანეთს შეადარონ და მათთვის სასურველი ამოირჩიონ.

"სებ-ის ახალი პლატფორმის  მიზანია ფინანსური მომსახურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და რაც მთავარია მომხმარებლისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის შექმნა. დღეს, როდესაც მომხმარებელს გარკვეული მომსახურების პირობების გაგება სურდა, ის შედიოდა თითოეული კომერციული ბანკის ვებგვერდზე, ეძებდა მისთვის სასურველ მომსახურებას, ინიშნავდა მომსახურების პირობებს და ამის შემდეგ ადარებდა ერთმანეთს და იღებდა გადაწყვეტილებას. სებ-ის ახალი პლატფორმა იძლევა ერთიან სივრცეში ყველა ინფორმაციის გაერთიანების საშუალებას, ანუ მომხმარებლისთვის ერთი პლატფორმის საშუალებით ხელმისაწვდომია ყველა კომერციული ბანკის მომსახურების პირობები, თუ ვალუტის გაცვლის კურსები. 

დღეიდან ამ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ყველა ტრადიციული კომერციული ბანკზე ინფორმაცია, შემდეგ ეტაპზე იგეგმება ამ სუბიექტების გაფართოება. შემდგომში  ციფრულ და მიკრო ბანკებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი მონაცემები განათავსონ. ამის შემდეგ მომხმარებლებისთვის უფრო ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. 

ამ პლატფორმაზე გარდა ტარიფების შედარების საშუალებისა, ჩაშენებულია რამდენიმე ტიპის კალკულატორი, რომელთაც რამდენიმე ტიპის დანიშნულება აქვთ. მაგალითად, გვაქვს ვალუტის გაცვლითი კურსების კალკულატორი და მომხმარებელს შეუძლია შეიყვანოს მისთვის სასურველი ვალუტა, რომლის შეძენაც მას სურს და აირჩიოს რამდენიმე კომერციული ბანკი. შემდეგ კი ეკრანზე გამოვა შედეგი ამ კომერციული ბანკების ჭრილში მას რა თანხა დასჭირდება არჩეული ვალუტის შესაძენად. თუ საბანკო  სექტორში რომელიმე ბანკს აქვს უკეთესი პირობა - ეს ინფორმაციაც მოცემული იქნება სხვა ფერად და მომხმარებელს შეუძლია ნახოს ინფორმაცია, რომ სხვა ბანკი უკეთეს პირობებს სთავაზობს. 

ამასთან, ბარათი საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი საგადახდო ინსტრუმენტია და თავისთავად ბარათის კალკულატორი შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთ ინოვაციურ კომპონენტად. როდესაც უცხოეთში მივემგზავრებით - ხანდახან ჩვენთვის უცნობია რომელი ვალუტის აკუმულირება ჯობია ჩვენს ბარათზე და ეს კალკულატორი მოგვცემს ინფორმაციას ამათუ იმ ქვეყანაში გამგზავრებისას რომელი ვალუტა ჯობია", - აცხადებს ნატალია ჭყოიძე.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა დღეს აამოქმედა.