„სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება ჩვენი მოლოდინის სრულ თანხვედრაშია“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბაში აცხადებენ.

„ტურბულენტური გეოპოლიტიკური პროცესების გამო (ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაცია), რომლის შედეგადაც გლობალურ ბაზრებზე ენერგომატარებლებზე, საკონტეინერო გადაზიდვებსა და სხვა მასთან მომიჯნავე სექტორების სერვისებსა თუ პროდუქტებზე ფასები და შესაბამისად, ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად იზრდება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება, ჩვენი მოლოდინების სრულ თანხვედრაშია.

ეროვნული ბანკი აგრძელებს ფრთხილ და პრევენციულ რეჟიმში მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ერთის მხრივ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლო დიაპაზონში იყოს, მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე უარყოფითი ზეგავლენა არ ჰქონდეს. შედეგად, მიმდინარე წლის ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში 6.4 პროცენტი, ხოლო პირველ ხუთ თვეში საშუალოდ 7.8 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის 75.43 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.30 მილიარდი ლარით (1.75%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.41% -ით მეტი). პლუს, 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.37% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით).

მოცემული პარამეტრები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება საერთო სურათს ხელს არ უშლის, პირიქით, დადებითად მოქმედებს მასზე. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება ჩვენი მოლოდინის სრულ თანხვედრაშია. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ გაურკვეველი და სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარებების გამო, არამხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, არამედ სამეზობლო ქვეყნებისა და არამხოლოდ სამეზობლო, შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით გამოირჩევიან და აქ გამონაკლისი არც საქართველოს ეროვნული ბანკია“, – აღნიშნავენ აფბაში.