„ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას მიერ წარდგენილი სარჩელის დაშვებადობის საკითხის განხილვის პირველივე სხდომაზე გამოიკვეთა, რომ სასამართლოსთვის ამთავითვე ცხადია, - სახეზეა კერძო ბიზნესდავის გლობალურ პოლიტიკურ შეთქმულებად გარდაქმნის მცდელობა.
ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სასამართლომ ნათია ჯანაშიას მხოლოდ ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ექსპერტის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც თავის მხრივ, უნდა დაადასტუროს, ნათია ჯანაშიას მიერ სარჩელში გაჟღერებული პოზიცია. კერძოდ კი ის, რომ „სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს“ და რომ „მოსარჩელეს სჯერა, რომ იგი საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით“.
ექსპერტმა ეს მოსაზრებები არამარტო უნდა დაადასტუროს, არამედ სასამართლოს ამის თაობაზე დასაბუთებული დასკვნა უნდა წარუდგინოს.
როგორ შეძლებს აღწერილი გამონაგონის სასამართლოსთვის რეალურ ვითარებად წარდგენას, ნათია ჯანაშიას ექსპერტი, რომლის ვინაობაც დღემდე გასაიდუმლოებულია, მართლაც საინტერესოდ დასაკვირვებელი პროცესი იქნება“, - აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბას ანალიტიკურ სამსახურში. აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
აფბას ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ექსპერტის დაკითხვის შემდეგ სასამართლოს წინაშე გამოჩნდება რეალობა - რომ ნათია ჯანაშიამ, წარდგენილი სარჩელით, სასამართლოს პოლიტიკური მანიფესტი შესთავაზა და არა ბიზნესდავის საკუთრივ ინგლისში განხილვის აუცილებლობის დამადასტურებელი არგუმენტები.
„ის, რომ ნათია ჯანაშიას სარჩელში დისკრედიტებულია მოსამართლეთა სრული კორპუსი, მთლიანად სასამართლო ხელისუფლება, მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტები, მთავრობა, მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი, - ბიძინა ივანიშვილი, აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ მისი სტრატეგიაა, დაარწმუნოს ბრიტანელი მოსამართლე, რომ საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა და ლონდონური მართლმსაჯულება მისი ერთადერთი თავშესაფარია. გამომდინარე ბრიტანული სამართალწარმოების მაღალი სტანდარტებიდან, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ მსგავს აბსურდზე დაყრდნობილი არგუმენტების საფუძველზე, სასამართლომ საქმე დასაშვებად მიიჩნიოს“, - ამბობენ აფბაში.
აფბას ანალიტიკური სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესზე ინვესტორის მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქმეში ისეთი ექსპერტის დაშვებას, რომელსაც საქართველოს სასამართლო სისტემის „უვარგისობაზე“ უნდა ემსჯელა. ინვესტორის პოზიცია იყო მკაფიო და პრინციპული: კერძოდ, დავა უნდა გარჩეულიყო საგნობრივად, მხოლოდ ბიზნეს-კონტექსტში. საქმეს უნდა ჩამოცილებოდა პოლიტიკური ზეწოლის ყველა ხელოვნური ბერკეტი. საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა მიდგომოდა არანაირი ჩრდილი, რადგან ორ კერძო სუბიექტს შორის კომერციულ დავაში სახელმწიფო ან მისი რომელიმე შტო, რაიმე შემხებლობაში რომ იყოს, შეუძლებელია.
„ის, რომ ლონდონელმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნათია ჯანაშიას მოთხოვნა, სასამართლოს ემსჯელა ინვესტორისა და მისი ხელმძღვანელების სავარაუდო გავლენებზე და სანაცვლოდ, დააკმაყოფილა მხოლოდ ექსპერტის ჩართვის შუამდგომლობა, ჯანაშიასთვის, რეალურად, სტრატეგიული კრახია - რამდენადაც ბრიტანულმა სასამართლომ საქმეს პრაქტიკულად, ჩამოაშორა ყველა ბიზნეს-ასპექტი და სარჩელის დაშვებადობა თითქმის შეუძლებელ პირობას დაუკავშირა - მთლიანი ხელისუფლებისა და საკუთრივ კი მისი სამართლებრივი სისტემის კორუმპირებულობისა და მიკერძოებულობის დამტკიცებას. და ეს ნათია ჯანაშიას მიერ წარდგენილმა დღემდე ინკოგნიტო ექსპერტმა უნდა „მოახერხოს“, - აცხადებენ ასოციაციაში.













