აკადემიის დირექტორობიდან გათავისუფლების საქმის მოსამზადებელი სხდომა, ეპიზოდი მესამე - 22 ივლისი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება გახმაურებული ბიზნესდავის განხილვა. საუბარია "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი აქციონერისა (30%) და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებულ დავაზე მაჟორიტარი აქციონერის (70%), "საქართველოს განათლების ჯგუფის" ("საქართველოს კაპიტალის" შვილობილი) წინააღმდეგ.

ნათია ჯანაშიამ ეს დავა 2024 წელს წამოიწყო. მხარეებს შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით.

2026 წლის 22 ივლისს, მოსამართლე ზვიად ესებუამ გამართა მორიგი მოსამზადებელი სხდომა საქმეზე, სადაც “საქართველოს განათლების ჯგუფი” ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძისთვის იმ თანხების დაკისრებას ითხოვს, რომელსაც წლების განმავლობაში “ბრიტანულ-ქართული აკადემია” არ იღებდა მათი შვილების და ნათესაურად მათთან დაკავშირებული სხვა მოწაფეების სწავლის ქირისგან გათავისუფლების გამო. ასევე იმ თანხების დაკისრებას, რომელსაც “აკადემია” იხდიდა მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა და სხვა მიზნით მოგზაურობებში.

მოსამზადებელ სხდომაზე დაიკითხა მოპასუხის (ნათია ჯანაშიას) მხარის მიერ გამოძახებული მოწმე, “საქართველოს კაპიტალის” პორტფელური კომპანიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რუსუდან არსენიშვილი.

ნათია ჯანაშიას ადვოკატის მხრიდან დასმული კითხვები, ძირითადად ატარებდა ტექნიკურ შინაარსს და მოწმისგან ითხოვდა განმარტებებს, თუ დროის რა მონაკვეთიდან მოხდა ნათია ჯანაშიას იმ ელექტრონული მიმოწერაში გაწევრება, სადაც ფინანსური ანგარიშგებები “აკადემიიდან”, ყოველთვიურ ჭრილში, იგზავნებოდა დედა კომპანიაში. ასევე, ადვოკატი დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებიდან იგებდა ინფორმაციას, თუ კონკრეტულად ვისგან იგზავნებოდა ფინანსური ანგარიშგებები, შემდგომ ვისთან და რა ფორმატით (კონსოლიდირებულად თუ ჩაშლილად) და კონკრეტულად რა შედიოდა მოწმის სამუშაო ვალდებულებებში.

როგორც გაირკვა, წარდგენილი ანგარიშგებების ფორმა და ფორმატი ითხოვდა კონსოლიდირებულ ინფორმაციას და მათში არასდროს ყოფილა ჩაშლილი თუ კონკრეტულად რომელი მოწაფე იყო განთავისუფლებული გადასახადისგან და ასევე ის, თუ კონკრეტულად ვინ ფინანსდებოდა და რამდენით, სადაზღვევო პოლისების შეძენისას თუ საერთაშორისო მგზავრობებისას.

მოწმე არსენიშვილმა ასევე უპასუხა “საქართველოს განათლების ჯგუფის” ადვოკატის შეკითხვას. ადვოკატმა იკითხა, - იმ შემთხვევაში, თუ მისთვის (მოწმისთვის) ცნობილი გახდებოდა, რომ დაზღვევით და საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებით, “აკადემიის” რესურსიდან სარგებლობდნენ “აკადემიასთან” არადაკავშირებული პირები (იგულისხმებოდა ნათია ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის მშობლები და სხვა პირები), შეატყობინებდა იგი თუ არა ამ სახის ინფორმაციას დედა კომპანიის მენეჯმენტს. მოწმე არსენიშვილის პასუხი ამ კითხვაზე დადებითი იყო. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის უჩვეულო ინფორმაციას ის აუცილებლად შეატყობინებდა მენეჯმენტს. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატით (ჩაშლილად), ამ ხასიათის ფინანსური ინფორმაცია არასოდეს მოთხოვნილა, რამდენადაც ფინანსური ანგარიშგება მსგავსი ტიპის ჩაშლას არ საჭიროებს.

საინტერესო იყო ასევე, მოწმე არსენიშვილის პასუხი “საქართველოს განათლების ჯგუფის” ადვოკატის კითხვაზე იმის თაობაზე, თუ დაახლოებით რამდენ პროცენტს შეადგენს “ბრიტანულ ქართული აკადემიის” წილი “საქართველოს კაპიტალის” პორტფელური კომპანიების სრულ მოცულობასთან მიმართებით. მოწმემ უპასუხა, რომ ეს 1 (ერთი) %-მდეც არ იქნება.

მოსამზადებელი სხდომა  ამით დასრულდა და გაგრძელდება 2026 წლის 22 სექტემბერს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, სადავო თანხის ჯამური მოცულობა 1 მილიონ 800 000 ლარს აღწევს. სარჩელით ასევე მოთხოვნილი საპროცენტო სარგებელი ამ თანხაზე. კერძოდ, უცხოურ ვალუტაში არსებულ მოთხოვნაზე წლიური 2,47%, ხოლო ეროვნულ ვალუტაში არსებულ მოთხოვნაზე წლიური 8,22%