ბაზისბანკსა და აკვა მასტერს ალიანსს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 2026 წლის განმავლობაში ბაზისბანკის მიერ კლუბის გენერალურ მხარდაჭერას.
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური კონტრიბუცია მხარს დაუჭერს სპორტსმენების ფიზიკურ მომზადებას და საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის 17-25 აგვისტოს სლოვაკეთში გასამართ European Aquatics Masters Championship 2026-ზე ასპარეზობას. ამ ტურნირისთვის მზადების პროგრამის ფარგლებში, 16-19 ივლისს, აკვა მასტერს ალიანსის მოცურავეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ზაფხულის ღია ჩემპიონატში, ქალაქ ქუთაისში.
აკვა მასტერს ალიანსი არის საქართველოს მასტერსის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის წევრი, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ასაკის მოყვარული და ვეტერანი მოცურავე. ასპარეზობებში მონაწილეობას ის სპორტსმენი იღებს, რომელსაც შესრულებული აქვს სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული საკვალიფიკაციო დრო.
აკვა მასტერს ალიანსის წევრ სპორტსმენებს არაერთი გამარჯვება და სხვადასხვა სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული და მსოფლიო რეკორდი დამყარებული საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის European Aquatics Masters Swimming Campionship, World Aquatics Masters Swimming Championship, European Aquatics Short Course Masters Swimming Campionship და Open Master Games ასპარეზობისას.
„აკვა მასტერს ალიანსის სახელით მინდა უღრმესი მადლობა გამოვთქვა ბაზისბანკის მიმართ, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის საპატიოა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საბანკო ბიზნესის ისეთი მსხვილი წარმომადგენელი, როგორიც არის ბაზისბანკი, იყო პირველი, ვინც მიიღო ჩვენი შეთავაზება პარტნიორობის შესახებ, რაც ჩვენ თანამშრომლობას განსაკუთრებულ სტატუსს სძენს.“ - ალექსანდრე მოსეშვილი, კლუბის დირექტორი.
„ბაზისბანკი 2025 წლიდან უჭერს მხარს მასტერსის საწყლოსნო სახეობათა სპორტსმენების საერთაშორისო დონის ასპარეზობებში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა წარმატების ახალ შესაძლებლობებს მისცემს მის წევრ სპორტსმენებს და მასტერსის კატეგორიაში მოპოვებული გამარჯვებებით და საპრიზო ადგილებით, აკვა მასტერს ალიანსი განაგრძობს წარმატებებით სავსე ისტორიის დაწერას.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი.












