გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილთან და პროგრამის მართვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თავშესაფარი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ემსახურება. პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში შეყვანილ მიუსაფარ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დიაგნოსტიკური კვლევები.
ლაშა ავალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროგრამის ყველა ეტაპზე მაღალი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე-ცხოველის აყვანიდან მის ბუნებრივ არეალში დაბრუნებამდე. ამ მიზნით დაგეგმილია თავშესაფრებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ასევე თანამშრომლების უწყვეტი გადამზადება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ხარისხის კონტროლი და მისი მუდმივი გაუმჯობესება. ამ მიმართულებით უწყვეტად ხორციელდება თანამშრომელთა გადამზადება როგორც შიდა ტრენინგების, ისე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების,მონაწილეობით.,ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ცხოველთა რაოდენობის ჰუმანური გზით მართვას ემსახურება და ფოკუსირებულია როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციაზე. მოვუწოდებ ყველას, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და ჩაერთონ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ პროგრამა სრულიად უფასოა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
აღსანიშნავია, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ითვალისწინებს როგორც თავშესაფრების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ისე საველე ჯგუფების შესაბამისი სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, რაც პროცესის ჰუმანურად და ეფექტიანად განხორციელებას უწყობს ხელს.













