ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ თანამდებობები დატოვეს.

ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა - პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა. ალექსი ახვლედიანი 7 ივლისს დააკავეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს, შემთხვევა საგარეჯოში, ახვლედიანის სახლში მოხდა. ახვლედიანს აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა.