"ინვესტიცია კრიპტოვალუტაში შეგვიძლია შევადაროთ აზარტულ თამაშს და ამ რისკზე არ ღირს წასვლა"
ისტორიაში პირველად, ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულებამ 122 000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა და ამით კრიპტო ენთუზიასტების დიდი ხნის პროგნოზი გაამართლა. ინდუსტრიის გულშემატკივრებისთვის, ბიტკოინის მიერ ამ ნიშნულის დაძლევა გარდამტეხი მოვლენაა და მისი სამომავლო პოტენციური ზრდის დასაწყისად მიიჩნევა. თუმცა ანალიტიკოსები სიტუაციას კრიპტოივალუტებთან მიმართებით არაპროგნოზირებადად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, დროთა განმავლობაში ციფრულმა ვალუტამ მკვეთრი რყევა განიცადოს.
ბიტკოინის კურსის ზრდა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ეს ტენდენცია კრიპტოვალუტის მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების მზარდ ინტერესთანაა დაკავშირებულია. 2025 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი თითქმის 25%-ით გაძვირდა. წინა მნიშვნელოვანი ნიშნული -110 ათასი დოლარი, ამ კრიპტოვალუტამ 22 მაისს გადალახა.
ანალიტიკოსები ბიტკოინის ღირებულების ზრდას აშშ-ის ახალი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ფინანსურ შეხედულებებს უკავშირებენ. დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტებისთვის ხელსაყრელი რეგულაციების პოლიტიკის გატარებას გეგმავს. მან წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადა კიდეც, რომ აშშ „პლანეტის კრიპტოდედაქალაქი“ გახდება და სახელმწიფო ბიტკოინის ეროვნულ რეზერვს შექმნის.
როგორც პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა, “მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რაც დღეს ხდება, ციფრული ვალუტის ბაზარზე წარმოქმნილი აჟიოტაჟია, რომელიც არნახულ მასშტაბს აღწევს, თუმცა შესაძლოა, საპირისპირო ტენდენციაც განვითარდეს და გარკვეულ პერიოდში რყევა განიცადოს.
,,რაც დღეს ბიტკოინის გარშემო ხდება, ჯერ კიდევ არ არის ზღვარი. არავინ იცის რა მაჩვენებელს მიაღწევს, ამ პროცესს თავისი ახსნა აქვს. მსოფლიოს ეკონომიკის გაციფრულება ხდება, ეს ეხება უძრავ ქონებას, სხვადასხვა აქტივებს, უფრო ინტეგრირებული ხდება მსოფლიო. სულ უფრო მეტ ქვეყანაშია ნებადართული ციფრული ვალუტა, რაც მათ ღირებულებას ზრდის. შესაბამისად, მოთხოვნაც მატულობს, რაც ლოგიკურია.
პარალელურად დიდი სპეკულაციური ინტერესებიცაა, რამაც, საერთო ჯამში, ფასის ხელოვნური გაზრდა გამოიწვია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება ამ ბუშტის ,,დაჩუტვაც" მოხდეს, მაგრამ რაც არ უნდა ამაზე ვისაუბროთ, მომავალი მაინც ციფრული ვალუტისაა", - აღნიშნა კორინთელმა და მსოფლიო ტენდენციებზეც ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, კრიპტოვალუტის ფასზე გავლენის მომხდენია.
,,გლობალური ვალუტების შესუსტებაა, მათ შორის დოლარის. აქტივების გადანაწილება ხდება და მათ შორის, ნახევრად თეთრი და ნახევრად შავი ფული ტრიალებს, რაც დიდი ალბათობით, ბიტკოინის მეშვეობით მოძრაობს. პიკის შემდეგ ყოველთვის შეიმჩნევა ვარდნა, წინასწარ ვინმემ რომ იცოდეს, ამით დიდ ფულს იშოვიდა, მაგრამ რეალურად ასე არ არის და ამ ყველაფრის განჭვრეტა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. პროცესი ინერციით მიდის.
ძალიან ბევრი ინდუსტრია, დიდი კომპანიები და ტექნოლოგიები ბიტკოინზე გადადიან. ტრამპის პოლიტიკაც ამ ყველაფრის სიგნალია და საბოლოოდ ციფრული ვალუტის ღირებულებაზე აისახება", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" გივი კორინთელმა.
ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე, რომლის შეფასებითაც, ბიტკოინის არც გაძვირება და არც გაიაფება, რაიმე კანონზომიერებას არ ემორჩილება და შესაძლებელია, ნებისმიერ მომენტში, ფასმა დაღმასვლა განიცადოს.
,,რაიმე პროგნოზის თქმა ძნელია, ბიტკოინის მუდმივად იქნება მერყევი - ხან მაღლა აიწევს, ხანაც - დაბლა და შესაძლოა, ჩამოიშალოს კიდეც. არავინ იცის, საითკენ წავა ტენდენცია. ვერავინ გეტყვით, ვინ და რა უზრუნველყოფა დგას ბიტკოინის უკან. შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდეს. ამ მომენტში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.
რაიმე ლოგიკას არ ემყარება ბიტკოინის როგორც გაძვირება, ასევე ფასის კლება. იგი ჩვეულებრივი სავაჭრო საქონელია და მასთან დაკავშირებული ფასის პროგნოზი წარმოუდგენელია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ყიდვა დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
მარტივად რომ ავხსნათ, ბიტკოინი არის ვალუტა, რომელიც არსებობს მხოლოდ ინტერნეტსივრცეში და შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთმა ადამიანმა უშუალოდ სხვა ადამიანს გაუგზავნოს ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ამდენად, იგი მხოლოდ და მხოლოდ "ვირტუალური ფულია", რომელიც არ კონტროლდება რომელიმე სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ. მაშასადამე, ინვესტიცია კრიპტოვალუტაში შეგვიძლია შევადაროთ აზარტულ თამაშს და ამ რისკზე არ ღირს წასვლა, თუ ადამიანს არ აქვს არანაირი გამოცდილება ფინანსური საქმიანობის კუთხით", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გოჩა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, 9 ივლისის მდგომარეობით, ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 2,17 ტრილიონს გადააჭარბა. მთავარი ციფრული ვალუტის მიმდინარე გაძვირებას ამჯერად სამ ძირითად ფაქტორს უკავშირებენ: დონალდ ტრამპის გათვალისწინებულ შეღავათებს, რომლებმაც შეამცირა საგადასახადო წნეხი და გააჩინა ახალი რესურსები საინვესტიციო ინსტრუმენტებში დასაბანდებლად; საფონდო ბირჟების რეკორდულ ზრდას; ასევე ბაზრის მოლოდინს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის, შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, რაც კრიპტოვალუტებისთვის უფრო ხელსაყრელი სავალუტო რეჟიმის ამოქმედების იმედს აჩენს.
ტრეიდერების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ფასმა 135-140 ათას დოლარსაც კი მიაღწიოს.
წყარო: resonancedaily.com