საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) 2025 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 1 მოკვლევა დაასრულა, ხოლო 3 - ფარმაცევტული, თევზის ბაზრობის და ონლაინ სერვისების ბაზრის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია. დასრულებული მოკვლევა ეხებოდა შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“, სადაც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დადგინდა და ეკონომიკურ აგენტებს 848 276 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგების მიხედვით, GCCA-ის მიერ დაიწყო 1 ბაზრის შესწავლა - პესტიციდებისა და აგროქიმიკატების. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით განახლდა თხილის და მოცვის ბაზრებზე დაკვირვება, ხოლო მიმდინარე შესწავლის რეჟიმშია - FMCG , საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრები.
2025 წლის ექვს თვეში, საქართველოში - 7976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. GCCA-მ თანხმობა გასცა 9 კონცენტრაციაზე. უმრავლესობა სამშენებლო და FMCG–ი სექტორში იქნა განხორციელებული.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 602 განაცხადი დაფიქსირდა. მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა 67 - 109 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს - 68 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 29 018 ლარის ოდენობით, ხოლო მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 90 საქმეზე - 83 შეთანხმება გაფორმდა. მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შემუშავდა 10 სტანდარტი.
ანტიდემპინგური პოლიტიკის აღსრულების პროცესში მიმდინარე რეჟიმშია - ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესწავლის საკითხი.
ამავე პერიოდში, გამოქვეყნდა უმნიშვნელო ოდენობის სახელმწიფო დახმარების შესახებ ინფორმაცია, რომლის მოცულობამ, 2024 წელს, 5 313 225 ლარი შეადგინა.
ასევე, ცვლილება შევიდა ,,კონკურენციის შესახებ“ კანონში და სააგენტოში 5 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭოს შექმნის ჩანაწერი გაუქმდა. მმართველობითი სტრუქტურის არსებული მოდელის შენარჩუნება უზრუნველყოფს საბიუჯეტო ფინანსური რესურსების დაზოგვას, როგორც ერთჯერადად, ასევე ყოველწლიურ ჭრილში.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული შედეგების მიხედვით, 2025 წელს, 90-მდე ქვეყნის ერთობლივი თანხმობით, 2026-2027 წელს, მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელს GCCA-ი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ვაშინგტონში იქნა მიღებული. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება ეხება - მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც GCCA-ის ორი გადაწყვეტილება საუკეთესოდ დასახელდა, მათ შორის, ფარმაციის ქეისი.
2025 წლის 10-15 მარტს, ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეული გაიმართა. საანგარიშო პერიოდში, მოზარდების სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა საუნივერსიტეტო და სასკოლო სექტორში შეხვედრები, რომელიც ჯამში 50-ზე მეტ დაწესებულებაში ჩატარდა. მათ შორის, რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებთან, შშმ პირების წარმომადგენლობებთან და ა.შ.
თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, გაფორმდა ორი მემორანდუმი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოსთან.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს.