"თბილისის მშრალმა პორტმა" (Tbilisi Dry Port) პირველი სპეციალური საკონტეინერო ბლოკმატარებელი მიიღო. ამის შესახებ პორტის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ბლოკმატარებელი 45 კონტეინერით პორტში 14 ივლისს, გუშინ  ჩავიდა.

"მივიღეთ 45 კონტეინერი, რომელიც ბათუმის პორტიდან იყო ტრანსპორტირებული. ეს არის პირველი რეისი სპეციალური საკონტეინერო ბლოკმატარებლის, რომელიც ბათუმიდან მხოლოდ 13 საათში ჩამოვიდა. ამიერიდან მსგავსი ბლოკმატარებლები რეგულარულად იმოძრავებს როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებიდან, რაც Tbilisi Dry Port - ის და Georgian Railways - ის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

ტვირთი მოიცავს სამშენებლო და ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვან პროდუქციას, როგორიცაა: ფოლადის რულონები, კერამიკის ფილები, სამრეწველო სისტემები.  საქართველოს რკინიგზასა და ჩვენს ტერმინალს შორის გამართული კოორდინაციის წყალობით, კონტეინერები ოპერატიულად იქნა დამუშავებული და უკვე მზად არიან თბილისსა და მის გარეთ მისაწოდებლად.თბილისი დრაი პორტი აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მნიშვნელოვანი შიდა ლოგისტიკური ჰაბი — რომელიც აკავშირებს საზღვაო პორტებს თბილისთან.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს კლიენტს — Medlog Poti-ს და ჩვენს საოპერაციო გუნდს მათი ეფექტურობისა და ერთგულებისთვის,"-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „თბილისის მშრალი პორტი“, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად 2025 წლის ივნისში ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების პირველი სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან. 

"პირველი ფაზა, უკვე მისი არსებული ინფრასტრუქტურით წლიურად 100 000 კონტეინერის დამუშავებას შეძლებს. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ საოპერაციო შესაძლებლობები 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება. მესამე ფაზა ჯერ კონცეფციის ეტაპზეა და ბევრად მოცულობითი იქნება ეს პროექტი", - აღნიშნავდა თბილისის მშრალი პორტის გენერალური დირექტორი ნინო  ნემსაძე "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.

BP.GE