„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების პრობლემის გადაჭრას ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობა აფერხებს. ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თბილისი ავარიული ქალაქია. მსგავსი ავარიული ქალაქი მე არც მინახავს. ეს არის კომუნისტებამდელი მემკვიდრეობა, რომელსაც მართვა სჭირდება. გასაკეთებელია ინვენტარიზაცია, ყველა შენობის ტექნიკური დათვალიერება. უდიდესი პრობლემაა, როცა მოსახლეობა არ თანხმდება გამოსვლაზე. საკრებულოში ეგ კანონი მისაღებია. მაგალითად, მაგ შენობის მეზობლად, ფიროსმანის 39 ნომერში საშინელი მდგომარეობაა. ამ დროს, შეიძლება, ერთი ვინმე გამოდგეს, რომელიც არც ცხოვრობდეს საქართველოში და ელოდება ჯეკპოტის მოხსნას, რომ ვიღაც გამოჩნდეს და, ერთოთახიანის სანაცვლოდ, ათოთახიანი მისცეს. რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, ის აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ არ თანხმდება მოსახლეობა შენობის დაცლას, ეს უდიდესი პრობლემაა. ისტორიულ ზონებში არის მე-3, მე-4 კატეგორიის ავარიული შენობები, რომლებიც არის უფლებრივი საკუთრება და მესაკუთრეების თანხმობის გარეშე იქ სამუშაოებს ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს. როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, არ შეიძლება სენტიმენტები. 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ პუშკინის პირველი ნომერი იყო დაზიანებული. იქ ქალბატონი ყიდდა მზესუმზირას და არ გამოდიოდა.
პოლიციის უფროსი შევარდა, დაავლო ხელი მას და გამოიყვანა, რის შემდეგაც იქაურობა ჩამოინგრა. მანამდე ჟურნალისტებიც ამბობდნენ: აბა, რა ქნას ამ ქალმა, შვილებს რა აჭამოს?! როცა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, მსგავსი სენტიმენტები არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, იქ რომ შემოღობვა დაიწყოს, შეიკრიბება მოსახლეობა: აბა, ჩვენ რა ვქნათ და ა.შ. ამას უნდა ცივი გონება. მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა?“ – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა ავარიული შენობების ინვენტარიზაცია და გადასადგმელია არაპოპულარული, მტკივნეული ნაბიჯები, რათა დედაქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა შემცირდეს.
„უფრო მეტი პრობლემაა ისტორიულ ზონებში, სადაც კოეფიციენტს ვერ ვზრდით. ჩემი პოზიციაა, რომ დასაწყებია დაუყოვნებლივ ინვენტარიზაცია. ეს დაახლოებით იგივეა, როცა სახელმწიფომ დაიწყო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, არაპოპულარული რაღაცებია გასაკეთებელი. დღეს არჩევნებზე მერობა არის მისჯა, მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო, მიშენებების, თვითნებურ ნაგებობების გამო და სხვა“, – აღნიშნა როსტომაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე საჭიროა, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რას ნიშნავს საკუთრების ფლობა და რა პასუხისმგებლობა გააჩნია.
„ეს არის კერძო საკუთრება და ეს უნდა უთხრას მერიამ ხალხს. ბინას როცა ყიდიან, მერიას, სახელმწიფოს რამეს აძლევენ? ლიფტებიც თავისია, გამგეობას რომ მიმართავენ შესაკეთებლად. მერიამ უნდა უთხრას, შეგვიძლია მოგეხმაროთ, მაგრამ ინვესტორის პოვნა თქვენი პასუხისმგებლობაა. სიმართლე მწარეა, მოსახლეობისთვის ცუდი მოსასმენი სიმართლე უნდა თქვას მერიამ“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.