"ივანიშვილისგან მოსალოდნელიც იყო ასეთი მანევრი. ღარიბაშვილი აქტიურად აღარ მონაწილეობდა პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზებაში. ის წავიდა და შეიძლება ახალი პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის რანგში დაბრუნდეს. მერე თავად უარყო ოპოზიციაში გადასვლის ვერსია. ხვალ დაადასტურებს! ამაში განსაკუთრებული არაფერია", - ამბობს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე პროცესების შესაძლო განვითარებაზე ვრცლად გვესაუბრება:
- დღეს მართვადი ოპოზიციის იდეა ძალიან აქტუალურია, იმიტომ, რომ შეუძლებელია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს პარლამენტის ერთპარტიულობა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მართვადი ოპოზიციის შექმნა აპრიორი განწირულია მარცხისთვის. ასეთი მცდელობა ადრეც იყო ქართულ პოლიტიკაში, ჯერ ზურაბ ჟვანიამ სცადა, შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, ახლა ივანიშვილიც იმავეს აკეთებს. ცრუპოლიტიკური გაერთიანებებით ქვეყნის მართვა არ გამოვა, რაც არ უნდა მარიონეტებით გყავდეს ხელისუფლება დაკომპლექტებული.
ახალი ოპოზიციური გაერთიანების იდეა უნდა წამოვიდეს საზოგადოებიდან და ამისთვის საკმარისი არ არის მმართველი გუნდის სურვილი, რომ ვიღაცამ კონკურენცია გაუწიოს. როგორც ჩანს,
ივანიშვილს სურს პოლიტიკურ ავანსცენაზე ის პოლიტიკური პარტიები დაწინაურდნენ, რომლებიც სუვერენიტეტის გაძლიერებასა და პარტნიორი ქვეყნებისგან კიდევ მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების თანაზიარნი იქნებიან.
პროდასავლურმა პარტიებმა თავად აირჩიეს პოლიტიკაში დაბრუნების რევოლუციური გზა, რისი შესაძლებლობაც არა აქვთ.
სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიციის პოლიტიკურ აბსტრაქციონიზმს საზღვრები არა აქვს. იმის პერსპექტივაც კი აღარ ჩანს, რომ ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური მიმართულება ისევ მოძლიერდება და წამყვან პოზიციებს დაიკავებს.
დღევანდელი მოცემულობა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესატყვისი ნამდვილად არ არის. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სუვერენიტეტის გაძლიერებაზე ორიენტირებულ, მემარჯვენე პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად პროდასავლური მიმართულების პარტიების პოზიციონირება, თუნდაც პერსპექტივიდან მისი გამორიცხვის მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენს მენტალობაში რადიკალიზმი ჭარბობს. გუბაზ მეფის მკვლელობის შემდეგ ქართველები ხობისწყლის სანაპიროსთან რომ შეიკრიბნენ, მაშინაც ასე იდგა საკითხი - ირანი თუ ბიზანტია და ბიზანტია არჩიეს. აი, ასეთ რემინისცენციებს აღძრავს ღარიბაშვილის გადადგომა.
- თქვენი შეფასებით, ივანიშვილი ქვეყანაში ასეთი დღის წესრიგის შექმნის მცდელობისას რამდენად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიციას, ან თუ არ ითვალისწინებს, რას მიიღებს პასუხად?
- საინტერესო საკითხია, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისეთი ტექტონიკური ძვრებია მომხდარი და იმდენად განსხვავებული ურთიერთობა ყალიბდება, თუ გონივრულად არ ვიმოქმედეთ, მძიმე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით.
მართლაც საინტერესოა, რა ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბდება ჩვენსა და ჩვენს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.
დასავლეთის ქვეყნების სახით ჩვენ უკვე აღარ გვყავს პარტნიორები, ჩვენ შორის უკვე უფსკრულია, რომლის გადალახვასაც თავიდან ცდილობს ქართული მხარე. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ "ქართული ოცნება" დეკლარირებულ დონეზე დასავლეთთან პარტნიორულ ურთიერთობაზე უარს არ ამბობს. ბოლო დროს ლევან დავითაშვილია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში მთავარი ფიგურა. მართალია, ვაშინგტონში ვიზიტისას სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი დონის პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრები არ ჰქონია, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რაც ნიშნავს, რომ ტრამპი არ გამორიცხავს საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციას.
ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი ამაზე უარს არ იტყვის, მთავარია, რა იქნება ამ შემოთავაზების პირობები.
- თქვენ როგორ გგონიათ, რა იქნება?
- ამ ეტაპზე ძნელია პროგნოზის გაკეთება. ქართულ-ამერიკული, საზოგადოდ, ქართულ-დასავლური ურთიერთობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დამთავრდება, ან საერთოდ დამთავრდება თუ არა, რუსეთ-ამერიკის ომი, რას მიაღწევს შეერთებული შტატების ამნისტია თავისი პრინციპების ახლებურად დალაგების პროცესში. თუ დავაკვირდებით, ტრამპი თავის პრინციპებს ურყევად არ იცავს - ის ამა თუ იმ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს, მერე გადათქვამს, მანევრირებს და ა.შ. ცხადია, მის ასეთ ქცევას მიზეზი აქვს, პროცესი რაღაცისკენ მიჰყავს, მაგრამ ეს რაღაც რა არის, ეს მხოლოდ მან და მისმა ადმინისტრაციამ იციან. აი, ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარების ლოგიკაც. სამხრეთი კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიო მოვლენათა განვითარებისა და კონტროლის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ძნელი იქნება ამ რეგიონის დათმობა როგორც ამერიკისთვის, ასევე რუსეთისა და თურქეთისთვის.
- ე.ი. ფიქრობთ, რომ ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ოპოზიციის სტრატეგიას ან ქუჩაში გამოსულ საპროტესტო მუხტს?
- ჩვენ თუ დიდ სურათში არ დავინახეთ პროცესი და იმის მიხედვით არ ვიმსჯელებთ, თუ რა კარტებით თამაშობენ დიდი მოთამაშეები, რუსეთი, ამერიკა, ჩინეთი და თურქეთი, ქართული პოლიტიკის ავანსცენის საკითხი გარდაუვალი კრახით დასრულდება. დიახ, სწორედ დიდ მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული, რა მოხდება საქართველოში. ძველი ბერძენი ისტორიკოსის თუკიდიდეს სიტყვები გავიხსენოთ: "ძლიერი აკეთებს იმას, რაც უნდა, სუსტი კი ითმენს მოუთმენელსაც". ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა იცოდნენ სახელმწიფოთა ურთიერთობის ეს ურყევი ჭეშმარიტება. იმისათვის, რომ სწორად ვიმოქმედოთ, უნდა შევხედოთ, რა უნდათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა.
ივანიშვილი უზარმაზარი ფინანსური რესურსისა და გავლენის მქონე პირია, შესაბამისად, ის განაპირობებს ქართული პოლიტიკური ველის მიმართულებასა და ხასიათს. შეუძლებელია ოპოზიციამ სიტუაციის შემობრუნება მოახერხოს. საქართველოს პროდასავლურმა ძალებმა უკვე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.
- სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისისთვის დაანონსებული აქციისგან ელით რამეს?
- არა, არც მანამდე და არც თავად 26 მაისს არ მოხდება რაიმე განსაკუთრებული, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს არც ფინანსური რესურსი აქვს და არც დასავლეთის მხარდაჭერა.
kvirispalitra.ge
ხათუნა ბახტურიძე