ჩინური ბაზარი აბსოლუტურად ღიაა ქართველი მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით ღვინის სფეროში, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ასევე, დიდი პოტენციალი აქვს თაფლის მიმართულებით და საჭიროა სპეციალური პოზიციების დაჭერა, რაც ჩინელი მომხმარებლებისთვის მომხიბვლელი იქნება.

"ჩინეთი მსოფლიოში არა მხოლოდ მეორე ეკონომიკური ძალა გახლავთ, არამედ მსოფლიოში პირველი წვლილის შემტანია ეკონომიკის ზრდაში. მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი წვლილი დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა და ჩინეთის მშპ წინა წელს 18, 7 ტრილიონი დოლარი შეადგინა და პირველ კვარტალში მშპ 5.4%-ით გაიზარდა, რაც ძირითად ეკონომიკებში ერთ-ერთი წამყვანი მაჩვენებელი გახლავთ.

როგორც სტრატეგიული პარტნიორი ჩინური ბაზარი აბსოლუტურად ღიაა ქართველი მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით ღვინის სფეროში. ჩინეთს ღვინო მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შემოაქვს, მაგრამ ქართული ღვინო ახალშემოსულია ჩინურ ბაზარზე. მე ვიცი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ხარისხი ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინომ ჩინურ ბაზარზე იმიჯი გაიმყაროს როგორც მაღალი ხარისხის ღვინო. ამას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.

რაც შეეხება თაფლის ექსპორტს ჩინურ ბაზარზე - აღნიშნულ მიმართულებასაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ერთი ქალაქიც, რომ აითვისოს თქვენმა თაფლმა ქართული ექსპორტი ჩინეთში ფაქტობრივად გაორმაგდება. საჭიროა სპეციალური პოზიციების დაჭერა, რაც ჩინელი მომხმარებლებისთვის მომხიბვლელი იქნება. ეს ეხება როგორც თაფლს, ისე ქართულ ღვინოს", - აცხადებს ჭოუ ციენი.