სერიოზული შემოტევები დაიწყო გესის, „ჟინერის“ ხელში ჩაგდების მიზნით. იყო ამერიკული კომპანია „პეტერსონ ბელქნაფი“, რომელთანაც თავის დროზე სააკაშვილსაც ჰქონდა შეხება და მათი მითითება იყო, ენერგეტიკულ ობიექტებს დაჰპატრონებოდნენ, „იუესაიდიც“ უმაგრებდა მხარს და გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ, გესი ჩამოერთმიათ, – ამის შესახებ 1998-1999 წლებში „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭიჭინაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2005 წლიდან უკვე ქონების ჩამორთმევის მიზნით შეტევა გაძლიერდა.
„ყოველგვარი შეფერხების გარეშე იყო მუშაობა. როდესაც ახალგაზრდა რეფორმატორები შევიდნენ პარლამენტში, მერაბიშვილი იყო ეკონომიური კომისიის თავმჯდომარე და იმ დღის შემდეგ დაიწყო სერიოზული შემოტევები გესზე, ხელში ჩაგდების მიზნით. გესი იყო გამართული, მაღალი დონის, აღიარებული ევროპაშიც. დაიწყო სერიოზული შეტევები. ამერიკაში იყო იურიდიული კომპანია „პეტერსონ ბელქნაფი“, რომელთანაც თავის დროზე სააკაშვილსაც ჰქონდა შეხება და მათი მითითება იყო, ენერგეტიკულ ობიექტებს დაჰპატრონებოდნენ, ჩაეგდოთ ხელში. პირველი მსუყე ლუკმა იყო გამართული სადგური „ჟინერი“. „იუესაიდიც“ უმაგრებდა მათ მხარს. ემრიხი იყო მათი წარმომადგენელი და გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ, გესი ჩამოერთმიათ.
ბევრი ჭიდაობა, სასამართლო იყო და აბსოლუტურად ყველა ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა. მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟი. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ვერ მოგვერიენ. იყო პაუზა და 2005 წლიდან უკვე მასირებული შეტევა დაიწყო. ამას მიაღწიეს თავისთავად, რადგან ჯერ იყო ძალისმიერი მეთოდი, როდესაც დამაკავეს. თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი იმ პერიოდში. ამავე დროს, ვიყავი ფილიპინების გენერალური კონსული და და გარკვეული იმუნიტეტი მიცავდა, მაგრამ საკრებულოდან რომ გამოვედი, დამხვდა ორი მამაკაცი და მთხოვეს, გავყოლოდი, რაზეც უარი ვუთხარი. წამოვედი, მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ წინ და უკან გამიკეთეს ექსკორტი, იძულების წესით ჩემი მანქანა მიიყვანეს ნახალოვკაში, ფინანსურ პოლიციაში, სადაც უკვე დაიწყო ჩემი დამუშავება. ეს არის 2005 წლის 12 იანვარი.
შემიყვანეს ოთახში, მანახეს რაღაც შეთითხნილი საქმე. წყლის ლიცენზიასთან დაკავშირებით შეთითხნილი ბრალდება დამიდეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ყოფილა წარდგენილი და ამის შესახებ არ ვიცოდი. მითხრეს, შენი წილი უნდა დათმოო. „მრეწველები“ საკრებულოში კონსტრუქციული ოპოზიცია ვიყავით, კარგი ურთიერთობა მქონდა იმ პერიოდში საკრებულოში, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა. მოვითხოვე ადვოკატი, უარი მითხრეს, მოვითხოვე კეზერაშვილთან შეხვედრა. კეზერაშვილი არ იყო საკრებულოს წევრი, მაგრამ იმ პერიოდში სულ იქ მოძრაობდა, მიცნობდა, ვიცნობდი და ისიც დაიმალა. ჩემი გულუბრყვილობით ვთხოვე, იქნებ პრეზიდენტთან დამარეკინოთ-მეთქი, მაგრამ ყოველგვარ იზოლაციაში მომაქციეს“, – განაცხადა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.
ამასთან, როგორც კომისიის სხდომაზე თეიმურაზ ჭიჭინაძემ, აღნიშნა, მასზე ხორციელდებოდა მორალური წნეხი, ემუქრებოდნენ შვილების დაჭერით.
„ფიზიკურად არ იყო არავითარი შეხება, ეს იყო მორალური წნეხი ისევ დაჭერის, შვილებზე ზემოქმედების, რადგან შესწავლილი ჰყავდათ ბიჭები. ხომ იცით, როგორ ხდებაო, შეიძლება, რაღაც ვუპოვოთო. ამ დროს დაემთხვა კიდე, რომ ჩემ გვერდით აგარაკზე, წავკისში, სადაც მე ვცხოვრობდი, ახალაიები შეასახლეს. ჩემს მეზობელს ჩამოართვეს სახლი, შტაბ-ბინა ჰქონდათ იქ“, – განაცხადა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.