უცხოურ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთმა თავისი ნავთობი გადასამუშავებლად საქართველოში, კერძოდ ყულევში ჩაიტანა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვან შეუსაბამობას შეიცავს, თუმცა, თუკი დასავლური სამქციების ქვეშ მყოფი რუსული ნავთობი მართლაც აღმოჩნდა ყულევში, ამას, შესაძლოა, საქართველოსთვის გარკვეული სანქციების დაწესება მოჰყვეს.

„როიტერი" წერს, რომ ტანკერმა „კაისერიმ" 6 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 105,340 მეტრიკული ტონა „ციმბირული მსუბუქი" მარკის ნავთობი ჩაიტანა გადასამუშავებლად.

მათივე შეფასებით, რუსეთი ცდილობს თავისი ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციას და ამავდროულად ებრძვის დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ სირთულეებს.

როგორც „როიტერი" წერს, ეს ნავთობი ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადასამუშავებლად ჩაიტანეს. მათივე ინფორმაციით, ქარხანამ ოპერირება ამ თვეში დაიწყო. მისი საწყისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ტონა ნავთობია, ანუ დღეში დაახლოებით 24 000 ბარელი. 2028 წლისთვის ქარხანა თანდათან გაზრდის თავის წლიურ სიმძლავრეს 4 მილიონ ტონამდე და მიზნად ისახავს საწვავის როგორც ექსპორტზე გატანას, ასევე შიდა ბაზრისთვის მიწოდებას.

თუმცა, ქართული წყაროების ინფორმაციით, ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. ოფიციალური ცნობით, მშენებლობის პირველი ფაზა წელს ზაფხულში დასრულდება და ქარხანა პირველ პროდუქციას მხოლოდ შემოდგომაზე გამოუშვებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ყულევის ნავსადგურში 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი „კაისერი“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობი. თავად ამ კომპანიას სამინისტრო არ ასახელებს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაუვრცელებლობის მოტივით.

მათივე ცნობით, შემოწმების შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ თუ ყულევში რუსული ნავთობის ჩატანის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, ამის გამო საქართველოს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს.

„ასეთ საკითხზე მიჭირს კომენტარის გაკეთება, რადგან ისიც კი არ ვიცით, მართალია თუ არა. რა თქმა უნდა, თუ აღმოჩნდა, რომ ეს არალეგალური ოპერაციაა, საქართველოს სანქციები დაეკისრება. არ ვიცი ზუსტად რა ტიპის სანქციებზე იქნება საუბარი, მაგრამ ალბათ, ეკონომიკური. მით უმეტეს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ისედაც გართულებული მდგომარეობა აქვს. ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია. თუმცა უმჯობესია დაველოდოთ ინფორმაციებს, თუ რამდენად რეალურია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

წყარო: resonancedaily.com