[სოხუმში] ეს არის სუფთა რუსული აეროპორტი და ანექსიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო იქნება სამხედრო დანიშნულების, ვიდრე სამოქალაქო - საქართველო, ევროკავშირი, ნატო, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ჩაერთონ, რომ შეწყდეს ექსპლუატაცია, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აეროპორტი ნატოსა და ევროპის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, მიზანმიმართულად ახორციელებს ანექსიის პოლიტიკას. სწორედ ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახლავთ აეროპორტის აღდგენა. ეს არის არამარტო სამოქალაქო აეროპორტი, არამედ არის იმავდროულად სამხედრო ბაზირების. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო იქნება სამხედრო დანიშნულების, ვიდრე სამოქალაქო. აეროპორტი უკვე ფაქტობრივად ამუშავებულია. ყველას გვახსოვს 7 თებერვალს საპილოტე ფრენა მოსკოვიდან სოხუმში. შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ 3 მაისს დაიწყება ფრენა მოსკოვიდან, 6 მაისს ნიჟნი ნოვგოროდიდან და ა.შ.

ეს არის არამხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვის განკუთვნილი, არამედ არის სამხედრო ბაზირების. ისმის კითხვა, სამხედრო ავიაცია, რომელიც იქნება განლაგებული შავი ზღვის სანაპიროზე, ვის წინააღმდეგ არის მიმართული? მარტო საქართველოსი? - რა თქმა უნდა, არა. საქართველოს საწინააღმდეგოდ სავსებით საკმარისია ის, რაც არის გუდაუთაში, ბომბორას აეროპორტი. მაშინ ეს დამატებითი რისთვის და ვის წინააღმდეგაა მიმართული? - რა თქმა უნდა, ნატოს წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგაა. ჩვენ ველოდებით, რომ ნატო და ევროკავშირი ამას კარგად გაიაზრებენ და შესაბამის განცხადებას გააკეთებენ, ზეწოლას განახორციელებენ რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ შეწყდეს ამ აეროპორტის უკანონო ექსპლუატაცია. ეს არის სუფთა რუსული აეროპორტი და ანექსიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რასაც რუსეთი ახორციელებს წლების განმავლობაში. ამიტომ არამარტო საქართველო, არამედ ევროპა, ევროკავშირი, ნატო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ჩაერთონ, რომ შეწყდეს ექსპლუატაცია“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ცნობისთვის, რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მცდელობის მიუხედავად, რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრენები აუკრძალოს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმის შესაბამისად დაიწყება. მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების ოფიციალური თარიღი 1-ელი მაისია.