შავი ზღვის კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. ჩვენ, ორივე მხარე [უნგრეთი და საქართველოს] ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ აღნიშნული პროექტის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის უნგრეთ-საქართველოს სამთავრობათშორისო კომისიის მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე.

„დღეს ჩვენ გვქონდა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობის კუთხით. ფორმატის ფარგლებში ხდება მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოება, სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის გაცვლა. ასევე, შედგა სამუშაო ჯგუფების შეხვედრა სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას.

სოფლის მეურნეობის კუთხით ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე მემორანდუმის გაფორმებაზე. 11-12 ივნის დაგეგმილია მთავრობათაშორისი სამიტი, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. შეხვედრა ბუდაპეშტში შედგება.

ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ შავი ზღვის კაბელის საკითხი. მიმდინარეობს კვლევა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. ჩვენ ორივე მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ აღნიშნული პროექტის განვითარებას“, -განაცხადა მან.

ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“, ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის უნგრეთ-საქართველოს სამთავრობათშორისო კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა.

სხდომის ოქმს სამთავრობათშორისო კომიტეტის ორმა თანათავმჯდომარემ: საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ , გენადი არველაძემ და უნგრეთის მხრიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტომაშ ვარგამ მოაწერეს ხელი.