„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.
„არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია! - ნათქვამია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტი განცხადებაში განმარტავს, რამ განაპირობა მისი ნაბიჯი.
მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, პირველმა ვიცეპრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.
„რა ხდება დღეს?
მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად.
ამ პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები - ამატებს ერთ თანამდებობას, პირველი ვიცე-პრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.
რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა?
მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს.
მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა?
ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.
ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 83 ხმით, რვის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება.
ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ ორი წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.
კანონის ამოქმედებიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტის და სხვა წევრები.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი.