ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელობით, ელექტროენერგიის მწარმოებელი და მსხვილი მომხმარებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებულ სიახლეებზე დისკუსია გაიმართა.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმა დღეს არსებულ მოდელს თვისობრივად ცვლის. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ბაზრის ისეთი მოდელი, რომელიც სწორ საფასო სიგნალებს მისცემს როგორც გენერაციის ინვესტორებს, ასევე მომხმარებლებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ამოქმედების დროისთვის მისი ყველა მონაწილის პოზიცია მაქსიმალურად იყოს დაახლოებული. რა თქმა უნდა, ბაზრის გახსნას ექნება გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები, ინტენსიური თანამშრომლობა ბაზრის პოტენციურ მონაწილეებთან, მათ მინიმუმამდე დაიყვანს. ბაზრის ამოქმედება გაზრდის ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორის მდგრადობას და დადებითად აისახება მის უსაფრთხოებასა და კონკურენტუნარიანობაზე“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი, მისი კონცეფცია და აღსრულების მექანიზმები. საუბარი შეეხო ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს, არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების მისადაგებას ახალ მოდელთან და დეტალურად გაანალიზდა დღით ადრე და დღიური ბაზრის პრინციპები.