ჟინი ჩვენს ყოველდღიურობაში მრავალი ფორმით არსებობს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ყველა ადამიანს, რომელსაც არ გაჩერება დაუსახავს მიზნად მოუწოდებს, აღმოაჩინოს საკუთარ თავში ძალა და არ გაჩერდნენ.

ლიტერატურაში ჟინის, ჟინიანი პერსონაჟებისა და მუდმივი სწრაფვის შესახებ კი დათო გორგილაძე გვესაუბრება.

„შეამჩნევდით, რომ ზოგჯერ ვცდილობთ ჩვენთვის საინტერესო პერსონაჟებს დავემსგავსოთ. მათსავით მოვიქცეთ, მათი სიტყვებით ვისაუბროთ. რა გასაკვირია, რომ ხშირად მათგან რაღაც-რაღაცებს ვსწავლობთ კიდეც, მათ შორის მიზანდასახულობასა და ძალისხმევას, რომელსაც ამ მიზნამდე მისაღწევად იჩენენ. ჩვენ აღგვაფრთოვანებს ამ პერსონაჟების ჟინი, რომლის დახმარებითაც რთულ და ერთი შეხედვით, დაუძლეველ გზებს გადიან.

ყველა პერსონაჟს აქვს საკუთარი სავალი გზა, მაგრამ ზოგიერთი ამ გზაზე განსაკუთრებით ჟინიანია.

აი, 3 ტექსტი, რომელშიც ჩემთვის ყველაზე საინტერესოდ ჟინიანი პერსონაჟები არიან:

„უცხო ჩიტი“ – „შერეკილების“ ლიტერატურული ვერსია რეზო გაბრიაძისგან, სადაც ძალიან კარგად ჩანს ადამიანის დაუოკებელი სურვილი აიჭრას ცაში. ვერავის და ვერაფერს შეუძლია მას უარი ათქმევინოს ცხოვრებისეულ, ლამის სიწმინდემდე აყვანილ მიზანზე - ვერც ციხეს, ვერც ციხის უფროსს და ვერც ფიზიკის იმდროინდელ კანონებს.

„დიდი გეტსბი“ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისგან.

„უცხო ჩიტის“ პერსონაჟების მსგავსად, ჯეი გეტსბის მთავარი მამოძრავებელი სიყვარულია (შეიძლება არა ბრუნვადი და ვერტიკალური). ის ხელთ იგდებს დიდძალ სიმდიდრეს, მართავს გასაოცარ, თვალისმომჭრელ, ბრჭყვიალა, საარაკო წვეულებებს, საკუთარი თავისგან ქმნის გავლენიან, თუმცა იდუმალებით მოცულ პერსონას... და ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაიბრუნოს დეიზი, დაიბრუნოს სიყვარული.

„მობი დიკი“ - აქ განსხვავებულ, დამღუპველ ჟინს ვხედავთ, რომლითაც კაპიტანი აჰაბია შეპყრობილი. მისთვის თეთრი ვეშაპი არა უბრალოდ სამიზნე, არამედ ბოროტების სიმბოლოა და მის დასამარცხებლად მზადაა სამყაროს დაუპირისპირდეს, საკუთარი თავი, ყველა და ყველაფერი გაწიროს. თუმცა თუკი ლიტერატურის ძალას ვაღიარებთ, იმასაც ვხვდებით, რომ შეგვიძლია კაპიტან აჰაბს მხოლოდ ჟინიანობას დავესესხოთ და ის ბევრად სასიამოვნო და სასიკეთო მიზნების მიღწევისკენ მივმართოთ“.