გვინდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, - განაცხადა „იმედის დილის“ რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩემი დღის უდიდესი ნაწილი ეთმობა ბიზნესთან შეხვედრას, იქნება ეს პირადი სახის შეხვედრები, გაფართოებული ფორმატის, თუ ა.შ. ვაგრძელებთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან დიალოგს იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენი გუნდი მიიღებს, თითოეულის განვითარებისკენ იყოს მიმართული. გვქონდა ენერგეტიკის სექტორთან შეხვედრა, რადგან მესმის, რომ არსებობდა ბევრი კითხვა, რასაც ჩვენი მხრიდან საჭირო იყო პასუხები გასცემოდა. ფაქტობრივად თვე-ნახევრის განმავლობაში ბევრი სამუშაო შევასრულეთ იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გვქონოდა. მათ შორის, მივიღეთ ჩვენთვისვე სასარგებლო უკუკავშირი და კერძო სექტორთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ ფორმატს ექნება რეგულარული სახე იმისთვის, რომ დასახული საერთო გეგმების მუდმივი მონიტორინგი გავაკეთოთ.

ენერგეტიკის სექტორი ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტის მქონეა. ჩვენი სამინისტრო იქნება ძალიან მოტივირებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ აღნიშნული სექტორის განვითარებას. პირველ რიგში, გვინდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას. დარწმუნებულები ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან ერთად, კიდევ უფრო ეფექტურები ვიქნებით იმისთვის, რომ ვიყოთ სწორი პროექტების, ინვესტორების მხარდამჭერები, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე და შემდგომში კერძო სექტორის ინტერესებზე დამყარებული იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.