„ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი სამი ბრენდის მართვა მანანა ხინაშვილმა ჩაიბარა. „თეგეტა“ მისთვის უცხო არ არის - ოთხი წლის განმავლობაში ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტს უძღვებოდა. იყო არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, უპრეცედენტო ემისიები საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, რომლებმაც ადგილობრივ დონეზე სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა. მათ შორისაა ეროვნულ ვალუტაში განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციები.  სწორედ ამ აქტივობებმა გააერთიანა „თეგეტას” გარშემო 1000-მდე უნიკალური ინვესტორი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი ბანკები და კერძო პირები. მანანა ხინაშვილი ახალგაზრდა ლიდერთა შორის ფინანსების სფეროში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა. ამბობს, რომ ახალი გამოწვევა კიდევ უფრო მასშტაბურია - სამი ბრენდი და საქმიანობის ფართო არეალი, რომელიც მთელ რეგიონს ფარავს.

მანანა ხინაშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ამ დრომდე ჩემი მთავარი მოვალეობა იყო ინვესტორების  ნდობის მოპოვება, კაპიტალის მოზიდვა და ჰოლდინგის წარმატებების წარმოჩენა. ახლა კი ამ შედეგების შექმნის შუაგულში ვიმყოფები.

თუ აქამდე  კომპანიის მიღწევების ისტორიას ვყვებოდი, ახლა ჩემი გუნდის დახმარებით თავად უნდა შევქმნა ეს ისტორია, გლობალურ ბრენდებთან და მომხმარებლებთან ერთად. აქამდე  რესურსების მოზიდვაზე ვიყავი კონცენტრირებული, ახალ თანამდებობაზე კი ჩემი მიზანია ამ რესურსის ტრანსფორმირება ღირებულებად – მომხმარებლისთვის, ბაზრისთვის და მთლიანად რეგიონისათვის. ეს განსხვავება  ახალ ენერგიასა და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

რთული იდეების რეალობად ქცევა, ნდობის მოპოვება, სტრატეგიული აზროვნება და ინოვაციური პროექტების განხორციელება ის მთავარი გამოცდილებაა, რაც ახალ ადგილზე მუშაობისას მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება ჩემთვის“.

მკაფიოა ხედვაც, რომელიც მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ამბობს, რომ ბრენდები, რომლებიც ჩაიბარა, ინოვაციების, თანამედროვე სტანდარტებისა და ახალი იდეების ცენტრი უნდა გახდეს რეგიონში.

„ჩვენი მისიაა, „ვოლვო“, „ჯილი“ და „ზიკერი“ რეგიონში ინოვაციის, მდგრადობის, ხარისხისა და ადამიანებზე ზრუნვის სიმბოლოდ ჩამოვაყალიბოთ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ბრენდს საკუთარი ინდივიდუალური ხედვა და სტრატეგია სჭირდება, ჩვენთვის საერთო პრიორიტეტები უკვე ნათლად არის განსაზღვრული:

·      მწვანე ტრანსპორტისა და ელექტრომობილობის ადაპტაცია

·      გლობალური სტანდარტებით ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული სერვისების განვითარება

·      გრძელვადიანი პარტნიორობის გაღრმავება

·      ინოვაციური ფინანსური პროდუქტების დანერგვა

ამასთანავე, მჯერა, რომ ინოვაციური ფინანსური პროდუქტები და მხარდამჭერი პროგრამები ჩვენს სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მთავარი მიზანია,  მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი თანამშრომლობა დავამყაროთ და ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ“, - აცხადებს მანანა ხინაშვილი.

ზუსტად იცის, რომ დასახული მიზნის მიღწევა და ამოცანების შესრულება მოტივირებული გუნდის გარეშე შეუძლებელია. ყველაზე დიდი ღირებულება და მთავარი ძალა სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებთან ერთადაც სამი ბრენდის მართვას გეგმავს. „მჯერა, რომ თუნდაც მცირე პოზიტიურ ქმედებას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა. პატივისცემაზე, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო კი ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიზნესამოცანების კოლექტიურ წარმატებას, არამედ თითოეული გუნდის წევრის პირად ზრდასა და წინსვლას“,-  აღნიშნავს „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.

შესაძლებლობების არეალი და მასშტაბები ფართოა, რაც მანანა ხინაშვილისთვის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. „ვოლვო ქარ კავკასია“ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში,  უზბეკეთსა და ყაზახეთში ოპერირებს. უკვე ორი წელია, ქართულ ბაზარზეა „ჯილი ცენტრი თეგეტა“. მოსალოდნელზე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ელექტრომობილების მწარმოებელმა „ზიკერმა“, რომელსაც „თეგეტა“ ექსკლუზიურად ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში წარმოადგენს.

კომპანიის უახლოესი გეგმები მოიცავს რეგიონულ გაფართოებას, ციფრული სერვისების დანერგვას, სამოდელო რიგის გაფართოებას, გაყიდვების ზრდას, ელექტრიფიცირებული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასა და პოზიციონირების გაძლიერებას. როგორც „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ ახალი ხელმძღვანელი ამბობს: „ეს ყველაფერი დამყარებულია მთავარ ღირებულებებზე - ვიყოთ უსაფრთხოების, ინოვაციისა და სანდოობის სინონიმი რეგიონში“.