2019 წელს Yandex-მა ФСБ-სთან შეათანხმა მომხმარებლების თვალთვალისთვის საჭირო აღჭურვილობის დამონტაჟება და 2023 წლისთვის სამუშაოს უმეტესი ნაწილი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური რუსული მედია Агентство ავრცელებს

როგორც Агентство წერს, რუსეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან ჩანს, ФСБ-ს ჰქონდა მოთხოვნა, რომ "იანდექსის" მიერ შექმნილი ჭკვიანი სახლის სისტემა ალისაზე 24-საათიანი წვდომა ჰქონოდა. ეს საქმე ბოლო წლებში განხილული 43 საქმიდან ერთ-ერთია. 

ამ საქმეებიდან ჩანს, რომ IT კომპანია ФСБ-სთან მომხმარებელთა მონიტორინგის აღჭურვილობის დამონტაჟების გეგმაზე ჯერ კიდევ 2019 წელს შეთანხმდა და სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, ის ნაწილობრივ 2022 წლის დასაწყისისთვის დაამონტაჟა. 

IT ექსპერტების შეფასებით, რომლებმაც სასამართლო გადაწყვეტილებების ტექსტები შეისწავლეს, ჩანს, რომ ახლა ФСБ-ის Yandex სერვისებთან დაკავშირების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და სასამართლოები ძირითადად კერძო საკითხებს აგვარებენ. 

2022-2023 წლებში რუსეთის სასამართლოებმა Yandex-ი რამდენჯერმე დააჯარიმეს სისტემაზე 24-საათიანი წვდომის უზრუნველყოფის ბრძანების შეუსრულებლობის გამო. ამავდროულად, საძიებო სისტემის ადვოკატმა სხდომაზე განაცხადა, რომ "ფაქტობრივად, Yandex-ის საინფორმაციო სისტემაზე დისტანციური წვდომა 24-საათიანია". 

ის ფაქტი, რომ ФСБ-მ 2023 წლის დასაწყისში ზოგიერთი სერვისისთვის მოითხოვა ტრანსპორტირების დაშიფვრის გასაღებები, მიუთითებს, რომ Yandex-ში ოპერატიული და საგამოძიებო საქმიანობის ფუნქციების უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებების სისტემა უკვე მუშაობდა, სპეციალურმა სამსახურმა დაინახა მონაცემთა ნაკადები, მაგრამ ვერ შეძლო მათი გაშიფვრა. 

2025 წელს სასამართლოებმა ადმინისტრაციულ ოქმებთან დაკავშირებით სულ მცირე 26 გადაწყვეტილება გამოიტანეს, რომელშიც საძიებო სისტემას ბრძანებების შეუსრულებლობისთვის სიმბოლური ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. იმ სერვისების სიაში, რომლის გამოც Yandex დაისაჯა, შედის: Auto.ru, Yandex.Plus, Yandex.Zapravki, Yandex.Pay, Yandex.Market, Yandex-Disk, Yandex.Direct, Yandex.Maps და Yandex.Calendar, Yandex.Afisha, Kinopoisk, Alisa-ს ჭკვიანი სახლი და სხვა.