დღეს, 12 სექტემბერს, IDS ბორჯომი საქართველო, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ჩამომსხმელ ქარხანას ოფიციალურად გახსნის. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგის ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა.
ბორჯომის ახალი ქარხანა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდი საწარმოა ჩამომსხმელ სექტორში.
ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით მიმდინარეობდა. საწარმოო პროცესი სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და აკმაყოფილებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ქარხანა აგებულია ენერგო ეფექტურობაზე გათვლილი მასალებითა და მოწყობილობებით. წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.