"ლარის ბექგრაუნდი, ანუ წარმომავლობა" - ამ სათაურით ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი ლარის "გაჩენისა" და მიმოქცევაში ჩაშვების თარიღთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პოსტში ჯიბუტი, გამოდის ინიციატივით საქართველოში ეროვნული ვალუტის დღედ 20 აგვისტო დადგინდეს, რომლის ათვლა 1993 წლიდან დაიწყო.

მიხეილ ჯიბუტის პოსტს BFM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"1995 წლის 2 ოქტომბერს ლარი საქართველოში ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა, ხოლო მიმოქცევაში ლარი გაშვებულ იქნა უფრო ადრე - 1995 წლის 25 სექტემბერს.

ლარის ისტორიკოსებისთვის კითხვა - რა ფუნქცია ჰქონდა ლარს 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე?

სწორი პასუხი საჯაროდ არავისგან მომისმენია და ამიტომ არც ახლა ველოდები. ამიტომ გთავაზობთ სწორ პასუხს: ამ პერიოდში ხდებოდა მანამდე არსებული ქართული ეროვნული ვალუტის - კუპონის ფიზიკური ჩანაცვლება ახალი ბანკნოტებითა და მონეტებით - ლარებითა და თეთრებით, როგორც ნაღდ, ისე უნაღდო ანგარიშებზე. ამდენად, 1995 წლის 2 ოქტომბერს მოხდა არა ქართული ეროვნული ვალუტის შემოღება საქართველოში, არამედ არსებული ეროვნული ვალუტის - კუპონის ჩანაცვლება ახალი ფორმით - ლარით, რომელიც განხორციელდა ეროვნული ვალუტის დენომინაციიასთან ერთად.

ქართული კუპონი (Georgian Coupon) იყო პირველი ქართული ეროვნული ვალუტა - ის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა 1993 წლის 20 აგვისტოს ( მანამდე კი - 1993 წლის 3 აპრილიდან ასრულებდა ერზაც - სუროგატი ვალუტის როლს) და ასეთად რჩებოდა 1995 წლის 2 ოქტომბრამდე. ლარის ისტორია კუპონის ისტორიას მოიცავს. ქართული კუპონის ISO (სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის) კოდი GEK შეიცვალა GEL-ით, ე.ი. ორთავე სრულფასოვან, თანაბარუფლებიან ვალუტადაა აღიარებული. კუპონის გარეშე ლარის ისტორია - ეროვნული ვალუტის ისტორიის ნაწილია.

ეროვნული ვალუტის ისტორიის დაყვანა ლარის ისტორიამდე - ისტორიის ფალსიფიცირება და დამახინჯებაა. ვის რაში სჭირდება ეს? მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს ამისათვის. ერთ-ერთი, ჩემი აზრით, „კუპონის წარუმატებელი“ ისტორიის დავიწყების მცდელობაა. ამას შეიძლება რაიმენაირი შიდა მოხმარების მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან აზიანებს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ისტორიას. მასში დაკარგულია საქართველოს მიერ რუბლის ზონის უკეთეს პირობებში გამოსვლის ამბები, სხვა ქვეყნებთან შედარებით. აქ შეასრულა კუპონმა, როგორც ეროვნულმა ვალუტამ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მექანიზმის ფუნქცია. აქ არ შევჩერდები კუპონთან დაკავშირებულ უბედურებებზე, ვიტყვი მხოლოდ მის პოზიტივზე. აფხაზეთის ომის ყველა პერიპეტია საქართველომ კუპონით გადაიტანა, ისე რომ არ აუღია არც ერთი ცენტი (აშშ) სახელმწიფო ვალად! იმასაც ვიტყვი, რომ არ არსებობს ცუდი ფული: არსებობს - ცოტა ფული! ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, სუროგატი ვალუტებიდან - ერთადერთ საგადამხდელო საშუალებაზე გადასვლა მოახდინეს შესაბამისად, 1993 წლის 22 ნოემბერს (დრამი) და 1994 წლის 1 იანვარს (მანათი), ანუ საქართველოსთან შედარებით 3-4 თვით გვიან. და, ჰოი საოცრებავ! სომხეთმა, ეროვნული ვალუტის 30 წლისთავი აღნიშნა 2023 წელს, აზერბაიჯანმა -2024 წელს, ხოლო საქართველო აღნიშნავს - 2025 წელს, ეროვნული ვალუტის ისტორიის ლარის ისტორიად ფალსიფიცირებული ტრანსფორმაციის გამო! ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც „მიმავალნი“, ვისაც ეს ისტორია გვახსოვს, წავალთ, ჩვენს შთამომავლებს ეტყვიან, მეზობელი ქვეყნების შთამომავლები ეტყვიან, რომ თქვენ ეროვნული ვალუტა ჩვენზე გვიან შემოიღეთო და არგუმენტად, მათი წინაპრების, ანუ დღეს ცოცხალი და „მიმავალი“ ადამიანების მიერ გადახდილი იუბილეებს წარუდგენენ.

ასეთი პერსპექტივის თავიდან ასაშორებლად, მაქვს გამოსავალი: დადგინდეს საქართველოში ეროვნული ვალუტის დღე - 20 აგვისტო, რომლის ათვლა დაიწყოს 1993 წლიდან! 2025 წელი - ქართული ეროვნული ვალუტის არა 30-ე, არამედ 32 -ე წლისთავია!

P.S. ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ როდის „გაჩნდა“ ლარი და როდის „გავიდა“ ის ხალხში. დახედეთ დღესაც მიმოქცევაში მყოფ მონეტებს. ავერსზე მათ აქვთ „ბორჯღალი“ და დამზადების თარიღი - „1993“. იმ დროისათვის არ იყო დამტკიცებული საქართველოს გერბი. შემდეგ პერიოდში მონეტები გამოიცემა ავერსზე საქართველოს გერბისა და დამზადების წელის ჩვენებით. ამდენად, ლარი დამზადდა 1993 წელს, მიმოქცევაში გაეშვა 1995 წლის 25 სექტემბერს, ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად იქცა 1995 წლის 2 ოქტომბერს, შეცვალა რა მანამდე არსებული ეროვნული ვალუტა-კუპონი", - წერს ჯიბუტი.