საავიაციო ინდუსტრიაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მარიამ კაპანაძემ საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა. რაღაც ახლის დაწყების, დიდი ცვლილების სურვილითა და ჟინით, იპოვა საქმე, რომელმაც უდიდესი სიყვარული და სიამოვნება მოუტანა. ხელოვნებითა და კულინარიით ბავშვობიდან იყო გატაცებული, 5 წლის წინ კი ეს ორი სფერო ერთმანეთს დაუკავშირა, შედეგად კი ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი შექმნა, რომელმაც მომხმარებლებს თავი მალევე შეაყვარა. ეს იყო ტკბილი ისტორიის დასაწყისი, რომელსაც დღეს „შოკოტელა“ ჰქვია.

პირველი ნაბიჯის შიში და დიდი გამბედაობა

იდეის განხორციელება მარტივი არ ყოფილა. მარიამისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დაწყების შიში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პროდუქტის ხარისხის სჯეროდა, მაინც ეშინოდა, როგორ მიიღებდა მას საზოგადოება. ეს შიში აჩერებს ბევრ ახალბედა მეწარმეს და ხელს უშლის, პირველი ნაბიჯი გადადგას. თუმცა, მარიამმა დაძლია იგი და „შოკოტელა“ საზოგადოებას წარუდგინა.

გამოწვევები და წარმატების ფორმულა

დაწყების შემდეგ ახალი გამოწვევები გამოჩნდა. ინვესტიციების მოძიება, თანამოაზრეების პოვნა და ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრება ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი, მაგრამ რთული ამოცანებია. მარიამის თქმით, ამ გზაზე მთავარია:

„არ შეუშინდე უარს. წარუმატებელი მცდელობები და უარყოფითი გამოცდილება არ უნდა მოქმედებდეს თქვენზე. გიყვარდეთ საკუთარი საქმე იმდენად, რომ ამგვარი პრობლემები უბრალოდ გაიაროთ.“

მარიამს მიაჩნია, რომ წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა არ კმარა.

„საჭიროა გქონდეს დიდი ოცნებები და მიზნები, რაც ყოველდღიურად დიდ მოტივაციას მოგცემს რთულ დღეებშიც კი.“

როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, ის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ სიხარულის მომტანიცაა. სიყვარულთან ერთად კი დისციპლინა და დროის ფასის გააზრებაც უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი.

„სფეროს ძლიერმა სიყვარულმა დამაწყებინა 5 წლის წინ საქმის კეთება და მომიყვანა დღევანდელ დღემდე - ამ გზაზე სიყვარულთან ერთად დიდი როლი აქვს დისციპლინასა და დროის ფასის გააზრებას”, - ამბობს მარიამი.

მარიამისა და „შოკოტელას“ ამბავი გვაჩვენებს, რომ წარმატებისთვის მხოლოდ მონდომება, დისციპლინა და საკუთარი ოცნებებისადმი ერთგულებაა საჭირო. მარიამი, რომელიც თავიდან თვითდასაქმებული იყო, ახლა გუნდის შექმნაზე, გაფართოებასა და წარმოების გაუმჯობესებაზე ოცნებობს.

ეს არის ამბავი გამოწვევების დაძლევისა და სურვილების ასრულების დაუსრულებელი ჟინის შესახებ.

"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.