საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის მეორე კვარტალში 2212 ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტია. მისი თქმით, ხელფასების ზრდის ტემპი 2.6-ჯერ აჭარბებს იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ინფლაციის დონეს, რამაც რეალური ხელფასების 6.1%-იანი მატება განაპირობა - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, დაქირავებულზე ხელფასის წლიური მატება (+207 ლარი) აღემატება რაციონალური ნორმის ფარგლებში საჭირო საკვების – კარტოფილისა და თევზის შესაძენ თანხას. პოზიტიურ ტრენდს ამყარებს ისიც, რომ ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში – მაგალითად, განათლების სფეროში, სადაც ხელფასები 19.3%-ით გაიზარდა, რაც საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.
„საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2025 წლის მეორე კვარტალში 2212.0 ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.3 პროცენტით გადააჭარბა. ხელფასის მატების ტემპი 2.6-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ინფლაციის ტემპს, რის შედეგად ადგილი ჰქონდა რეალური ხელფასის მატებას დაახლოებით 6.1 პროცენტით. ხელფასის მატებისა და ეროვნულ მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, თვეზე გადაანგარიშებით, 2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიცა დაახლოებით 285 მლნ. ლარით მეტი ხელფასი, რაც საქართველოს 11.4 ათასზე მეტი შინამეურნეობის წლიური შემოსავლის ეკვივალენტურია.
ერთ დაქირავებით დასაქმებულზე გაანგარიშებით, საშუალო თვიური ხელფასის წლიური მატება (+207.1 ლარი) საგრძნობლად აღემატება რაციონალური (რეკომენდირებული) ნორმის ფარგლებში წლიური მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობის კარტოფილის, თევზისა და თევზეულის შესაძენად საჭირო თანხას.
საშუალო ხელფასის ზრდის პოზიტიურ ტრენდს აძლიერებს ხელფასების უფრო სწრაფი ზრდა შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში. - მაგალითად, განათლების სფეროში, რომელზეც მოდის ეროვნულ მეურნეობაში ყოველი მერვე დასაქმებული, საშუალო ხელფასი გაიზარდა 19.3 პროცენტით, რაც საშუალო მაჩვენებელს 1.9-ჯერ და მეტად აღემატება.
ქალების შრომის ანაზღაურება გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე მამაკაცების (11.3% vs. 10.0%). ეროვნულ მეურნეობაში სხვაობა მამაკაცებისა და ქალების შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლებს შორის შემცირდა 2012 წლის 39.8 პროცენტიდან 2025 წლის 33.4 პროცენტამდე. ამასთან, ამჟამად ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებული ყოველი მეექვსე ქალის შრომის ანაზღაურება აღემატება ეროვნულ მეურნეობაში არსებულ საშუალო ხელფასს (2212.0 ლარს). ქალების ამჟამინდელი საშუალო ხელფასი თავისი რეალური მსყიდველობითი უნარიანობით მამაკაცების 4.5-წლის წინანდელი საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობის ეკვივალენტურია - ეს სხვაობა დაახლოებით 2.5 წლით ნაკლებია 2010-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, როდესაც სხვაობა დაახლოებით 7.0 წელს შეადგენდა.
ბიზნეს-სექტორში, რომელზეც მოდის დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობის თითქმის 4/5, საშუალო შრომის ანაზღაურება შეადგენს 2317.6 ლარს, რაც 4.8 პროცენტით აღემატება საშუალო ხელფასს ეროვნულ მეურნეობაში და დაახლოებით 26.0 პროცენტით - ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგებში
ჩამოყალიბებულ საშუალო ხელფასს.“ - წერს არჩვაძე.