"სანქციებიდან გამომდინარე, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, ქართული  სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას," -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას სანქციებზე, პირველ რიგში ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს არ არის მარტო სანქციებზე პასუხი, ეს არ არის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი, ეს არის პირველ რიგში პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეს არის ღირსებაზე და ჰუმანურობაზე პასუხი.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარვადგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, 11 თანამდებობის პირზე გახლავთ საუბარი, ესენი არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შალვა ბედოიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე - ასევე მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მილერი ლაგაზაური - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და მირზა კეზევაძე - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11-ვე წარმომადგენელი იქნება წარდგენილი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.