ბიზნესი არის თავისუფალი და თავის აზრი აქვს და იქ რასაც მე ხელი მოვაწერე, იქ არის ორი პუნქტი მანდ. საქართველო არის თავისფალი ქვეყანა. რეალურად, ვაჭრობს იმ ქვეყნებთან, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ირჩევს, - განაცხადა შპს „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ.

დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იმ ბიზნესის ნაწილს, ვინც ხელს აწერს პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ პეტიციას, პროდუქტი რუსეთში გააქვს და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს. შპს „ჩირინაც“ მათ შორის არის.

„არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, - წერია პეტიციაში.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა იმ კომპანიების სია გაასაჯაროვა, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.