“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნეს-დავის კონტექსტში, აკადემიის მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ხაზია, რომ ის დღე-დღეზე სტრასბურგში წაიღებს საქმეს.

„ამ ნარატივს მისი ადვოკატები პერიოდულად საჯაროდ ახმოვანებდნენ კიდეც. იმთავითვე გაუგებარი იყო, რომელ საქმეს გულისხმობდნენ, ან ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომების დაწყებამდეც კი, რა მოტივით, რაზე დაყრდნობით გზავნიდნენ საქმეებს სტრასბურგში და რას ითხოვდნენ… მაგრამ ფაქტია - ასეთი შინაარსის განცხადებები ჯიუტად ვრცელდებოდა. შესაბამისად, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ნათია ჯანაშიას მხარის ამ ნარატივს, და უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არანაირი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის  უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ შესულა (რომ ვერც შევიდოდა, ეს განსჯის სხვა მხარეა…). აღნიშნული ნარატივის გავრცელებით, ფაქტია, ნათია ჯანაშია განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, - აცხადებენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას მონიტორინგის სამსახურში.

შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნეს-დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

აფბაში კვლავ გაკვირვებას გამთქვამენ და ვერ აუხსნიათ, რას ემსახურებოდა ის ფაქტი, როცა გამოძიების ეტაპზევე, დაცვის მხარის, ანუ ამ შემთხვევაში, ნათია ჯანაშიას პოზიციიდან გაცხადდა, რომ თუ მისთვის სასურველ შედეგს არ დადებს გამოძიება და არ წარუდგენს ბრალდებას მომჩივანს (!), ის შიდა ინსტანციების ამოწურვის შემდეგ (სავარაუდოდ გულისხმობს მისთვის არასასურველი შედეგის დადგომის გამო სასამართლო ინსტანციებში ჩივილს), აუცილებლად მიმართავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს…

“ეს წინასწარი დანაქადნები მხოლოდ იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ნათია ჯანაშიას და მის იურიდიულ წარმომადგენლებს იმდენად მკაფიოდ ესმით მათი, როგორც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში (#092060925001 - რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არის აღძრული და 2019-2024 წლებში, “აკადემიაში”  ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტის პირობებში 4 000 000 აშშ დოლარის შესაძლო მიტაცება/გაფლანგვის ფაქტს იძიებს) მოპასუხის პოზიციების სისუსტე და მათ წინააღმდეგ წარსადგენი მოსალოდნელი სავარაუდო ბრალდებების სიმძიმე, რომ სახის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად სტრასბურგის ხმამაღლა მოხმობაა დარჩენილი. ფაქტია, სტრასბურგში დავა გამოცხადებულია, მაგრამ სარჩელი არ ჩანს”, - ამბობენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

აფბას მონიტორები აღნიშნავენ, რომ ნათია ჯანაშიას იურისტები თავიანთ ვიდეომიმართვებში იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სტრასბურგს მიმართავენ შიდა ინსტანციების ამოწურვის შემდეგ. ანუ, მთელი რიგი სასამართლო ციკლების დასრულების შემდეგ.

„ალბათ და ოდესმე, როგორმე და ოდესღაც რომ მიმართავენ სტრასბურგს, ეს შეატყობინეს საზოგადოებას რამდენჯერმე?!. ანუ, სტრასბურგში, სასამართლოს წინ ნათია ჯანაშიას უფლებადამცველი ქალბატონი რომ იდგა და ვიდეომიმართვას წერდა წლევანდელ ევროპულ პაპანაქება სიცხეში, თურმე ფალსტარტი ყოფილა და სხვა არაფერი?!. რეალურად, ჯერ არავინ აპირებს არანაირ სტრასბურგში ჩივილს. ჯერ საქართველოში უნდა ამოწურონ შიდა ინსტანციები და ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა დამარცხდნენ სამართლებრივ ბრძოლაში ინვესტორთან ... იმდენად გაუგებარია ეს ყველაფერი, რომ ყოველივე მარტივად გასაგები ხდება”, - განაცხადეს მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აფბას მონიტორინგის სამსახურში.