„თეგეტა ჰოლდინგმა“ საირმეში, Hotel Sairme South-ში, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ღონისძიება გამართა, სადაც პარტნიორ ბიზნესებს Bridgestone-ის სატვირთო საბურავების მიმართულებით არსებული სიახლეები - ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელის შედეგები და პორტფელის ახალი იაპონური ბრენდი UD Trucks - წარუდგინა.
ღონისძიების მთავარი თემა იყო ბიზნესისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა - რამდენი უჯდება კომპანიას რეალურად ერთი გავლილი კილომეტრი? PPK მოდელი საბურავის ღირებულებას მხოლოდ შესყიდვის საწყისი ფასით არ აფასებს. ის ითვალისწინებს საბურავის რესურსს, გამძლეობას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და, საბოლოოდ, თითოეულ გავლილ კილომეტრზე გაწეულ დანახარჯს.
„თეგეტას“ მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, Bridgestone-ის პრემიუმ კლასის სატვირთო საბურავების გამოყენება, მათი საექსპლუატაციო რესურსისა და გამძლეობის გათვალისწინებით, ბიზნესებისთვის კილომეტრზე გაწეულ ხარჯს დაახლოებით 30%-მდე ამცირებს.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენი მიზანია, პარტნიორებს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ ავტოპარკი უფრო ეფექტიანად, უსაფრთხოდ და პროგნოზირებადად მართონ. ბიზნესისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის საწყისი ფასი, არამედ ის, თუ რა უჯდება ის კომპანიას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.
სწორედ ამას აჩვენებს PPK მოდელი - რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ დანახარჯი თითოეულ გავლილ კილომეტრზე. დიდი ავტოპარკებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის მცირე სხვაობაც კი წლიურ ჭრილში საგრძნობ ფინანსურ ეფექტად გარდაიქმნება“.
„თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს „თეგეტა“ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორია რეგიონში. პარტნიორობა, პროდუქტის მიწოდებასთან ერთად, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტიზას, სერვისებსა და ავტოპარკების საოპერაციო ეფექტიანობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.
თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Bandag-ის საბურავების აღდგენის ქარხნის ამოქმედება, რომელიც 2027 წლიდან იგეგმება. პროექტი სატვირთო საბურავების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვას გააძლიერებს და ბიზნესებს საშუალებას მისცემს, საბურავის რესურსი კიდევ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, შეამცირონ კილომეტრზე დანახარჯი და ოპერაციები უფრო მდგრადი გახადონ.
ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის გაყიდვების მენეჯერი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და CIS-ის რეგიონში: „ბიზნესისთვის ერთ კილომეტრზე დანახარჯის განსაზღვრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვიდრე მხოლოდ საბურავის საწყისი ფასი. პროდუქტის რეალური ღირებულება მისი სრული სასიცოცხლო ციკლით უნდა შეფასდეს.
Bridgestone-ის გლობალური ტექნიკური გამოცდილებისა და „თეგეტას“ ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნის გაერთიანებით ავტოპარკების მფლობელებს ეფექტიან, მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ“.
იაპონური ხარისხი „თეგეტას“ პორტფელში - UD Trucks
საირმეში გამართული შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო UD Trucks-ის წარდგენა. „თეგეტა“ იაპონური კომერციული ავტომობილების მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სამივე ბაზარზე UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისულ მხარდაჭერას სთავაზობს.
იაპონური კომპანია ბაზარზე თავდაპირველად ორი მოდელით - UD Quester და UD Croner - იქნება წარმოდგენილი. UD Quester მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის, მათ შორის სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. UD Croner კი საშუალო ტვირთამწეობის მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილია, რომელიც ურბანულ და რეგიონულ დისტრიბუციაზე, მუნიციპალურ და სპეციალიზებულ ოპერაციებზეა მორგებული.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „UD Trucks-ის დამატება ჩვენს პორტფელს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და ბიზნესს სატვირთო ტრანსპორტის მიმართულებით ახალ არჩევანს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საჭიროების მქონე კომპანიებს მივაწოდოთ მათ ოპერაციებზე მორგებული ტექნიკა და, ამასთანავე, უზრუნველვყოთ მისი გრძელვადიანი მხარდაჭერა სერვისით, ნაწილებითა და ტექნიკური ექსპერტიზით.
Quester და Croner სხვადასხვა ტიპის საოპერაციო საჭიროებას პასუხობს, თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი აქცენტი საიმედოობაზე, ეფექტიანობასა და ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობაზე კეთდება“.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ Farizon-ს, საქართველოში პირველ სრულად ელექტრულ კომერციულ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ავტომობილს. ბრენდის დილერია Farizon Center Tegeta.
საირმეში გამართული შეხვედრა „თეგეტას“ კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარების ნაწილია. კომპანიის მიდგომა პროდუქტის ან ტექნიკის ერთჯერად გაყიდვას სცდება და ბიზნესისთვის სრული საოპერაციო ღირებულების შემცირებაზეა ორიენტირებული - იქნება ეს საბურავის ხარჯი თითო კილომეტრზე, ტექნიკის საიმედოობა, სერვისი თუ ავტოპარკის საერთო ეფექტიანობა.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.












