გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“ მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ახალი ობიექტის ტევადობა 11 000 ტონას შეადგენს. მეურნეობა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სასილოსე რეზერვუარებით, რაც მარცვლეულის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლისა და პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.

ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი მარცვლეულის სათანადო პირობებში შენახვას უზრუნველყოფს და დანაკარგების შემცირებას უწყობს ხელს.

„თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოსავლის სათანადო პირობებში შენახვა პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო დანაკარგების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანიც სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობაა, რათა აგროსექტორში წარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს და საქმიანობა გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში განხორციელდა.

მისი ჯამური ღირებულება 4,4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 364 818 ლარი - სახელმწიფო თანადაფინანსება.

შპს „ინვენტ ფიდი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და 2015 წლიდან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს.

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, შემნახველი მეურნეობების შექმნის მიზნით, გაცემულია 939 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხები, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 169 მილიონ ლარს აღემატება.