ბრიტანულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ The Economist-მა არც წელს უღალატა ტრადიციას და ნოემბრის ბოლოს სპეციალური ნომერი Warld Ahead 2025 გამოუშვა მომავალი წლის პროგნოზის დაშიფრული ფოტოკოლაჟით.
პირველად მსგავსი რებუსი The Economist-მა 2013 წელს შესთავაზა მკითხველს და ექსპერტებთან ერთად შეთქმულების თეორიის მოყვარულებსაც სერიოზული თავსატეხი გაუჩინა, რადგან მსოფლიოს ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტაში პოპულარული ჟურნალი, დიდი ხანია როტშილდების - პლანეტის უძველესი ფინანსური კლანის ერთგვარ „რუპორად“ ითვლება, მისი მთავარი რედაქტორი ზანი მინტონ ბედოუსი კი, რეგულარულად სტუმრობს ბილდერბერგის კლუბის დახურულ შეხვედრებს, რომელსაც ხშირად "მსოფლიოს ჩრდილოვან მთავრობასაც" უწოდებენ. სწორედ ამიტომ იწვევს The Economist-ის დაშიფრული რებუსები საზოგადოების, განსაკუთრებით კონსპიროლოგების ინტერესს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ კოდური მინიშნებებით "გლობალური მთავრობა" საკუთარ მიმდევრებს აცნობს სამომავლო გეგმებს და აფრთხილებს თუ რას უპირებს პლანეტას და მის მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში.
ფოტოკოლაჟის ფრაგმენტები
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს The Economist-ის სარედაქციო კოლეგიამ მცირე მინიშნებები გააკეთა "წინასწარმეტყველური რებუსის" ფრაგმენტებზე და გამოცდილ "მშიფრავებთან" ერთად რიგით მკითხველსაც გაუადვილა მათი ამოცნობა.
კოლაჟის ცენტრში შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იწონებს თავს, რომელსაც ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი უმშვენებენ გვერდს, მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტიკოსების კომპანიაში მე-18 საუკუნის ბრიტანელი მწერლის ჯეინ ოსტინის გამოჩენა, თუმცა რებუსის ავტორებმა მასაც მოუძებნეს ადგილი. თავსატეხის ფრაგმენტებს შორის მოხვდა პლანეტა სატურნის, მზეზე აფეთქების და პირქუში ქალაქის გამოსახულებები, ტრამპის აგურის კედელი, ბენჯამინ ფრანკლინის ცხვირი, მისივე თვალი 100-დოლარიანი კუპიურიდან და ავისმომასწავებელი ღიმილი ანუ ერთგვარი მინიშნება იმ საფრთხეზე, რომელიც ტრამპს ემუქრება.
აქვეა ქვიშის საათი, ამერიკული დოლარის და ჩინური იუანის სიმბოლოები, ბზარებით დაფარული საარჩევნო ყუთი, საბრძოლო რაკეტა და უკრაინული ქარხნები, მშვიდობიანი ატომის და რადიაციული საფრთხის ნიშნები, ელექტრომობილი და შპრიცი ვაქცინით. რებუსის აუცილებელ შემადგენლად იქცა ორობითი კოდის და კვანტური ჩახლართულობის სიმბოლოები, მრავალრიცხოვანი მიკროჩიპები და მიკროსქემები, ფინანსური ზრდისა და კლების გრაფიკული გამოსახულებები - დაღმავალი და ტეხილი ისრები. სახიფათო მინიშნებად ჩაითვალა ზღვაზე აფეთქების ფოტო, რომელმაც ჩინეთსა და ტაივანს შორის შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტზე მიანიშნა, ე.წ. „სოროსის მუშტმა“ კი, ახალი "ფერადი რევოლუციები" იწინასწარმეტყველა.
სატურნის უხილავი რგოლები
The Economist-ის ვარაუდით 2025 წელი რადიკალური ცვლილებების, თუმცა ქაოსის, დაბნეულობისა და გაურკვევლობის წელი იქნება. შემთხვევითი არაა არც ყდის პირქუში შავი და წითელი ფერები, რაც აგრესიას, საფრთხეს, შფოთვასა და სისხლისღვრას სიმბოლიზირებს. ამავეს მიანიშნებს პლანეტა სატურნიც, რომელიც გიგანტურ სტრუქტურას ქმნის თავისი 80 ათასი კილომეტრის სიგანის, მეტწილად ყინულისა და კლდის სხვადასხვა ზომის ფრაგმენტებით წარმოქმნილი რგოლებით. ასტროფიზიკოსების მტკიცებით, მომავალი წლის 23 მარტს პლანეტის მოსახლეობა იმ უნიკალური მოვლენის მოწმე გახდება, რომელიც მხოლოდ 14-15 წელიწადში ხდება, რადგან რგოლები "გაქრება", უფრო ზუსტად კი, ორბიტაზე პლანეტების განსაკუთრებული განლაგების გამო დედამიწელებისთვის უხილავი გახდება.
აღსანიშნავია, რომ სატურნი - ძველბერძნული ღმერთის კრონოსის რომაული ვერსიაა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით გადაყლაპა საკუთარი შვილები, სატურნი კი, ქაოსის, სისასტიკისა და უბედურების პლანეტად ითვლება. როგორც ჩანს, სწორედ გლობალური ქაოსი და არასტაბილურობა იწინასწარმეტყველეს რებუსის ავტორებმა მარტის თვეში სატურნის რგოლების გაქრობით, რომელიც მართალია, ნოემბრის თვეში ისევ გამოჩნდება, მაგრამ მანამდე პლანეტის მოსახლეობა ბევრის დანგრევასა და გაფუჭებას მოასწრებს.
შფოთს და განგაშს სიმბოლიზირებს მზეზე აფეთქების გამოსახულებაც სატურნის გვერდით, რადგან სწორედ 2025 წლის ზაფხულშია მოსალოდნელი მზის აქტივობის მიმდინარე ციკლის პიკი, რაც აფეთქებათა სერიას, ძლიერ მაგნიტურ ქარიშხლებს გამოიწვევს და სერიოზულად აზარალებს მეტეოდამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობას. უფრო შორს წავიდნენ ლონდონის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ექსპერტები, რომლებიც „ენერგეტიკული აპოკალიფსით" დაიმუქრნენ, რადგან მზის ქარიშხლებს თავისუფლად შეუძლიათ ინტერნეტ-სერვერების და სხვა სტრატეგიული მოწყობილობების დაზიანება და მწყობრიდან გამოყვანა, რისი აღდგენაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
ამავე თემას აგრძელებს სატურნის ქვევით მდებარე პირქუში ქალაქიც. გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის განაცხადებით, სწორედ 2025 წელს მიაღწევს პიკს სათბური აირების გამოყოფაც, თუმცა შემდეგ ათწლეულში მსოფლიოს კარგი შანსი ექნება შეინარჩუნოს გლობალური ტემპერატურის ზრდა 1,5 - 2 °C საზღვრებში, ისე, როგორც პარიზის კლიმატის შეთანხმებაშია მითითებული. შემთხვევითი არაა არც ქალაქის გამოსახულების მეზობლობა სი ძინპინითან, რადგან სწორედ ჩინეთში გამოიყოფა სათბური აირები ყველაზე მასიურად, რაც პლანეტის მთელი მოცულობის 30%-ს შეადგენს, თუმცა ჩინეთი სხვებზე აქტიურად მოიხმარს მზის ენერგიას და ქარის ელექტროსადგურებს, რაც ორჯერ აღემატება დანარჩენი მსოფლიოს მონაცემებს.
ტრამპის დრო და ფული
The Economist-ის შეფასებით, მოვლენების მმართველი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნახევარსფეროში რებუსის ცენტრში მოქცეული დონალდ ტრამპი იქნება, რომლის ტრიუმფალური გამარჯვება არჩევნებში, გლობალური ცვლილებების მიზეზი გახდება, მისი პოლიტიკა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" კი, მტრებთან ერთად მეგობრებსაც დააეჭვებს შეერთებულ შტატებთან კავშირების სიმტკიცეში, რაც თავის მხრივ, დაძაბულობას, გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და ბირთვული იარაღის გავრცელებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ The Economist გლობალისტების გამოცემა და ამერიკელი დემოკრატების აქტიური მხარდამჭერია, ამიტომ გასულ წელს პროგნოზების მსგავს ნომერში მთავარმა რედაქტორმაც გამოთქვა საკუთარი აღშფოთება: „ტრამპის კანდიდატურა ძირს უთხრის ამერიკულ დემოკრატიას. მისი ტრაბახი, რომ 24 საათში დაასრულებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ დაპირისპირება უკრაინის ხარჯზე და მის საზიანოდ დასრულდება. ამასთანავე, საგანგაშოდ მაღალია ტრამპის მეორედ არჩევის შანსი, რაც კატასტროფული იქნება როგორც ამერიკული, ისე მსოფლიო დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა მინტონ ბედოუსმა.
ტრამპმა მართლაც შეძლო არჩევნებში გამარჯვება, ამიტომ ჟურნალის მესვეურები დარწმუნებული არიან, რომ ის აუცილებლად შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილს. შეერთებული შტატები მისი მმართველობით მართალაც მოიპოვებს დომინანტის პოზიციას ენერგომრეწველობის სფეროში, თუმცა ფიქლის ნავთობისა და გაზის საბადოები ნელ-ნელა ამოიწურება. დადებითი იქნება სხვა მაჩვენებლებიც, რასაც ფინანსური ზრდის გრაფიკული გამოსახულებებიც მოწმობენ, მით უფრო, რომ ტრამპის გამარჯვების მეორე დღესვე 2,5%-ით გაიზარდა ამერიკული აქციების ფასი, მისი განცხადების შემდეგ კი, როცა პირობა დადო, რომ აუცილებლად შეინარჩუნებდა დოლარს, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტას, დოლარი ერთი-ორად გაძვირდა.
სავარაუდოდ, ტრამპი ელექტრომობილებზე შეზღუდვების მარეგულირებელ კანონსაც გააუქმებს, ასე რომ ილონ მასკს, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობდა პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში შეუძლია შვებით ამოისუნთქოს, რადგან მისი აქტიურობა მილიარდობით დოლარით ანაზღაურდება. თუმცა, დაპირება, რომ ისრაელის მსგავსად გადახურავს მთელ ამერიკას რაკეტსაწინააღმდეგო "რკინის გუმბათით" - ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან მართალია, ამგვარი აღჭურვილობის ტექნიკურად გამართვა შეიძლება, მაგრამ წარმოუდგენლად ძვირი და ნაკლებად მიზანშეწონილია, რადგან ერთი მხრივ, შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად აღემატება ისრაელს ტერიტორიულად, მეორე მხრივ კი, რუსეთი დიდი ხანია ფლობს რაკეტებს, რომელთაც ამგვარი სარაკეტო თავდაცვის სისტემის დაძლევა შეუძლიათ. სხვათა შორის, რებუსზე გამოსახული რაკეტა პუტინსა და ტრამპს შორის არცერთ არსებულ რაკეტას არ ჰგავს. როგორც ჩანს, The Economist-ის მესვეურები 2025 წელს ახალი ტიპის რაკეტების გამოცდასაც ვარაუდობენ.
მარჯვნიდან ტრამპს ბენჯამინ ფრანკლინის უზარმაზარი თვალი დაჰყურებს, ქვევით კი, იმავე ფრანკლინის ცხვირია 100-დოლარიანი კუპიურიდან. სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის ცხვირი მისი "მემკვიდრის" გადაჭარბებული ამბიციების სიმბოლო ან მინიშნებაა, რომ ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა ცხვირში მიიღოს დარტყმა. სხვათა შორის, სწორედ ფრანკლინს ეკუთვნის ცნობილი ფრაზა "დრო - ფულია", ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მის თვალთან მოთავსდა ქვიშის საათი, რომელიც ამჯერად ტრამპისთვის დაიწყებს დროის ათვლას.
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო მმართველობა 2025 წლის 20 იანვარს აიღებს სტარტს. მართალია, ამჯერად მას უფრო მეტი ძალაუფლება ექნება, ვიდრე 2017-2021 წლებში პირველი ვადით არჩეულს, რადგან რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ, მაგრამ ორი წლის შემდეგ დემოკრატებსაც შეუძლიათ არჩევნებში გამარჯვება, წარმომადგენელთა პალატაში უპირატესობის მოპოვება და რესპუბლიკელების ნებისმიერი წამოწყების დამუხრუჭება. თუმცა, თავსატეხის ავტორები არც ტრამპის დროის საპრეზიდენტო ვადამდე ამოწურვას გამორიცხავენ, რადგან მართალია, წინასაარჩევნოდ მასზე განხორციელებული თავდასხმა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ოპონენტებს ყოველთვის შეუძლიათ ბევრად გამოცდილი ქილერის მოძიება, რაზეც სისხლიანი პირი და ავისმომასწავებელი ღიმილიც მიანიშნებს მისი პორტრეტის ქვევით.
რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული
The Economist-ის ვარაუდით, "2025 წელს რუსეთი საბოლოოდ მოიპოვებს გამარჯვებას უკრაინასთან ომში, რადგან პუტინი ნელა, თუმცა სტაბილურად მიიწევს წინ, მოქანცულ და გამოფიტულ უკრაინულ არმიას კი, სულ უფრო უჭირს წინააღმდეგობის გაწევა, მით უფრო, არც დასავლეთს უნდა ზელენსკისთვის საჭირო დაფინანსებისა და იარაღის მიწოდება".
ტრამპმა მრავალგზის განაცხადა, რომ ერთ დღეში დაასრულებს სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში, რაც წარმოუდგენელია რუსეთთან შეთანხმების გარეშე. მართალია, ამერიკის პრეზიდენტის ნებისმიერი გარიგება რუსეთთან, კაპიტულაციად შეფასდება დასავლეთის მხრიდან, მაგრამ ტრამპს არ სურს ომში ფულის გადახდა, ამიტომ როგორც გამოცდილი კომერსანტი საუკეთესო პირობების მისაღებად გამართავს "ვაჭრობას" პუტინთან. შემთხვევით არ მოხვდა წინასწარმეტყველურ რებუსში არც უკრაინული ქარხნები, რომელთა კონტროლი, იშვიათი ლითონებისა და მიწაელემენტების საბადოებთან ერთად შეერთებულ შტატებს ახალი ტექნოლოგიების წარმოებისთვის სჭირდება.
სავარაუდოდ, ტრამპი შეძლებს ომში დახარჯული ფინანსების ნაწილის დაბრუნებას და სწორედ ამგვარ მიღწევას გამოაცხადებს ამერიკის გამარჯვებად, სანაცვლოდ კი, უკრაინას დამოუკიდებლობას, დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულების უფლებას და ნაწილობრივ უსაფრთხოებას შეუნარჩუნებს. საკუთარი პირობები ექნება რუსეთსაც, რომელიც კონფლიქტის გაყინვას და ტერიტორიების ნაწილის გადაცემას, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას და რეჟიმის შეცვლას მოითხოვს. The Economist-ის განცხადებით, "ტერიტორიების 7% - ყირიმი და აღმოსავლეთ დონბასი, რომელიც პუტინმა 2014 წელს მიითვისა, უკრაინას არასდროს დაუბრუნდება, ამიტომ მოლაპარაკება ტერიტორიების იმ 11%-ზე გაიმართება, რომელსაც რუსეთი 2022 წლიდან აკონტროლებს".
ზელენსკი და არჩევნები
პრეზიდენტის უფლებამოსილება ვოლოდიმირ ზელენსკის 20 მაისს ამოეწურა, ამიტომ ყველანაირად ცდილობს ახალი არჩევნების გადადებას, თუმცა The Economist-ის მტკიცებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2025 წლის მაისში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარწმუნებით არჩევნების თარიღი მანამდე არავის დაუსახელებია, ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ "მსოფლიოს ჩრდილოვანმა მთავრობამ" ზელენსკის გარეშე გადაწყვიტა მისი ბედი, ბზარებიანი საარჩევნო ყუთი კი, მძიმე და ნაკლებად დემოკრატიულ არჩევნებზე მიანიშნებს, რომელშიც ზელენსკის არავინ მისცემს მონაწილეობის უფლებას. მეტიც, შეთანხმება კონფლიქტის გაყინვაზე სწორედ ე.წ. "სისხლიან კომიკოსს" აიძულებს ტერიტორიების დაკარგვაზე პასუხისმგებლობის აღებას, თუმცა რა მოჰყვება უმძიმეს ბრალდებას, როგორც ჩანს, ბილდერბერგის კლუბმა ჯერ ვერ მოიფიქრა.
დაუძლურებული ევროპა
სწორედ დასუსტებული, მძიმე ტვირთად ქცეული ევროპა ერგო მემკვიდრეობად ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რადგან არა მხოლოდ ევროპულმა ვალუტამ დაკარგა "წონა", რაზეც დაღმავალი ისარიც მიანიშნებს ფონ დერ ლაიენის მეზობლად, არამედ ევროპამაც გაიფუჭა რეპუტაცია დანარჩენ მსოფლიოში. ამასთანავე, დაბალი შობადობის ფონზე განსაკუთრებით თვალშისაცემია მოსახლეობის დაბერება, რუსული ბაზრისა და ენერგორესურსების საფასურის მატების შემდეგ კი, მნიშვნელოვნად შემცირდა ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი, რის გამოც გერმანია რეცესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ვერ შეამსუბუქებს ევროპის მდგომარეობას ვერც დონალდ ტრამპი, პირიქით, ბევრად მეტ პრობლემას შექმნის, როცა ძველ სამყაროს თავდაცვის ხარჯის საკუთარ თავზე აღებას მოსთხოვს, რადგან ევროპას ბევრად მსხვილი შეიარაღებული ძალები, ბევრად ძლიერი სამხედრო მრეწველობა სჭირდება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
შეერთებული შტატების და ჩინეთის სავაჭრო ომი
საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ხშირად მოიხსენიებდა ჩინეთს ამერიკის ეკონომიკურ მტრად და ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის 60%-ით გაზრდით იმუქრებოდა. იმ შემთხვევაში თუ მომავალი პრეზიდენტი მუქარას განახორციელებს, ჩინეთის ეკონომის 4,5%-იანი ზრდა 2025 წელს 4,0%-მდე შემცირდება, ჩინური ვალუტა იუანი კი, მნიშვნელოვნად გაუფასურდება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ტრამპის მუქარა მხოლოდ ხრიკი და სამომავლო ვაჭრობის ტაქტიკა იყო, რომელიც საბოლოოდ ორივე მხარისთვის მეტ-ნაკლებად მომგებიანი შეთანხმების გაფორმებით დასრულდება.
ბევრად დაძაბული სიტუაციაა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც პეკინმა რამდენიმე კუნძულის გამო წამოიწყო კონფლიქტი ამერიკის მოკავშირე ფილიპინებთან. დაძაბულობა მატულობს ტაივანშიც, სადაც ამერიკული არჩევნების წინ ჩინეთმა ბლოკადის ერთგვარი იმიტირება მოაწყო. ომი ჩინეთის ზღვაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს, მით უფრო, რომ დემოკრატებმა კამალა ჰარისის ხელმძღვანელობით, რამდენიმე თვის წინ ყველა გააფრთხილეს, რომ ამერიკა არასდროს მიატოვებს მოკავშირეებს, თუმცა ტრამპმა არაფრად ჩააგდო დემოკრატების გაფრთხილება და განაცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში კარგად დაფიქრდება ღირს თუ არა ამერიკელი ჯარისკაცების ტაივანის დასაცავად ომში გაგზავნა.
აგურის კედელი
დონალდ ტრამპი, რომელმაც პირველ საპრეზიდენტო ვადაში "ემიგრანტების მასობრივი შემოსევისგან ქვეყნის დასაცავად" წამოიწყო მექსიკასთან სასაზღვრო კედლის მშენებლობა, არც მეორედ არჩეული აპირებს უკან დახევას, პირიქით, პირობა დადო, რომ არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციის უპრეცედენტო ოპერაციას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 8,3 მილიონი ემიგრანტი ცხოვრობს, თუმცა მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ევროპისთვისაც აქტუალურია. მეტიც, სწორედ მიგრანტების მიმართ კეთილგანწყობილი, ლოიალური დამოკიდებულების გამო დამარცხდნენ ბრიტანელი კონსერვატორები არჩევნებში, ისე, როგორც გერმანიაში დააჩქარეს ემიგრანტებმა მმართველი კოალიციის კრახი. სავარაუდოდ, 2025 წელს რამდენიმე ქვეყანა ეცდება საკუთარ ტერიტორიაზე უცხოელების გადაადგილების შეზღუდვას და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა წინასწარმეტყველ რებუსში მავთულხლართისა და აგურის კედლის ელემენტები.
მშვიდობიანი ატომი
ვლადიმერ პუტინის გვერდით The Economist-მა მშვიდობიანი ატომის სიმბოლო მოათავსა, რადგან სწორედ რუსეთი აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთში, ბანგლადეშში, ირანსა და ბელორუსში. მართალია, დასავლური სანქციების გამო უმსხვილეს პროექტზე - "აქუიუს" რუსეთ-თურქეთის ატომურ ელექტროსადგურზე სპეციალური მოწყობილობების გერმანიიდან ტრანსპორტირება დაიბლოკა, რამაც მშენებლობის გადადება გამოიწვია, მაგრამ მხარეების განცხადებით, 2025 წელს "აქუიუს" ელექტროსადგური აუცილებლად ამოქმედდება.
კვანტების დევნა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2025 წელი კვანტური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წლად გამოაცხადა, ამიტომ მომავალ წელს სწორედ ახალი ტექნოლოგიების სფეროში ლიდერობის მოპოვებისთვის გაიმართება გლობალური ომი. ამავე ტენდენციას გამოეხმაურა The Economist-იც, რომელმაც სწორედ მიკროჩიპების, ორობითი კოდის, კვანტური ჩახლართულობისა და დიდი ენობრივი მოდელების ანუ ხელოვნური ინტელექტის სიმბოლოებით გააფორმა საკუთარი რებუსი. სავარაუდოდ, ხარჯი საინფორმაციო ტექნოლოგიებზე 3,6 ტრილიონი დოლარით გაიზრდება, ხელოვნური ინტელექტი კი, სმარტფონის აუცილებელი ნაწილი გახდება. ექსპერტების განცხადებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება 75-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი, რომელიც ტრილიონჯერ უფრო სწრაფად შეძლებს გამოთვლას, ვიდრე ჩვეულებრივი კომპიუტერი.
ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ
მართალია, შპრიცმა წითელი ხსნარით მკითხველი დააფრთხო, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ 2025 წელს მსოფლიოს ახალ პანდემიასთან მოუწევს ბრძოლა, მაგრამ ამჯერად The Economist-ის პროგნოზი ბევრად ოპტიმისტური აღმოჩნდა. სავარაუდოდ, 2025 წელს FDA (Food and Drug Administration - საკვები პროდუქტისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამმართველო) ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Moderna&Merck-ის მიერ შემუშავებულ ვაქცინას mRNA-4157/V940-ს დაამტკიცებს მელანომის (კანის სიმსივნის) წინააღმდეგ, დანიური ფარმაცევტული კომპანია Bavarian Nordic კი, მაიმუნის ყვავილის პრევენციისთვის გამოუშვებს ინოვაციურ პრეპარატს.
"სოროსის მუშტი"
ყველასთვის კარგად ნაცნობი "მუშტი", რომელიც "ფერადი რევოლუციების" და მასობრივი მღელვარების სიმბოლოდ ითვლება, ამჯერად აღმოსავლეთ ნახევარსფეროში იმუქრება ახალი აჯანყებებით, რადგან როგორც ჩანს, "პატივცემული გლობალისტები" ვერც 2025 წელს იტყვიან უარს მავნე ჩვევაზე.
ჯეინ ოსტინი
ჯეინ ოსტინის ერთი შეხედვით უადგილო ფოტო, სინამდვილეში აბსოლუტურად უვნებელი მინიშნება აღმოჩნდა, რადგან 2025 წლის დეკემბერში ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის, რომანის "სიამაყის და ცრურწმენის" ავტორის 250 წლის იუბილე აღინიშნება, ამიტომ ვინჩესტერის საკათედრო ტაძრის ბაღში, სადაც მწერალია დაკრძალული, მისი ძეგლი დაიდგმება.
წყარო: imedinews.ge