ვახტანგ იობაშვილი: "ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას, რათა აღურიცხავი პროდუქცია არ ხვდებოდეს ბაზარზე"

საქართველოში ავტოპარკის გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ ბევრი ასაკოვანი ავტომობილი გადაადგილდება, თუმცა მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს, რა მიმართულებითაც ქვეყანამ გარკვეულ შედეგს მიაღწია. თუმცა დარგი მაინც  სერიოზულ პრობლემას განიცდის იმის გამო, რომ მოქალაქეების უმეტესობა ჯერ კიდევ ძველ მანქანებს ყიდულობს. ეს კი პრობლემას ქმნის ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მოძველებული ავტოპარკით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელი იქნება.

სპეციალისტების შეფასებით, ავტოპარკის გაახალგაზრდავებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის, სოციალური ფონი, რის გამოც მომხმარებლების უმეტესობა შედარებით იაფი და ძველი ავტომობილების ყიდვას ცდილობს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა აქცენტი ავტოპარკის სიძველესა და საწვავის ხარისხის კონტროლზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ სანამ ეს საკითხები არ გადაიჭრება, ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება გაძნელდება.

,,ევროპასა და ცივილიზებულ ქვეყნებში 3 წლის ავტომობილი მოძველებულად ითვლება. ჩვენი სოციალური ფონიდან, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა საშუალება არ აქვს მოსახლეობას და ამორტიზებულ ავტომობილებს ამიტომ ყიდულობს. იმისთვის, რომ სფერო მოწესრიგდეს, ჩვენ ტექნიკური ინსპექტირების ინსტიტუტი შემოვიღეთ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, თუკი ავტომობილი წესრიგშია, ეკოლოგიისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს.

უფრო საყურადღებოა მომენტია საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, რომელსაც სერიოზული კონტროლი სჭირდება. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სამანქანო ზეთებისა და საწვავის შემადგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ევრო-5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის, ქართულ ბაზარზე ხდება შერევა. ამ დროს მომწოდებლები ყველა ქვეყნიდან ბენზინს ევრო-5-ის სტანდარტით გვაწვდიან, თუმცა შემოდის აღურიცხავი საქონელი, რაც მეტ კონტროლს საჭიროებს.

ეკოლოგიურ პრობლემას მთლიანად ავტოპარკის სიძველეს ვერ დავაბრალებთ, კარგი საწვავი აუცილებელია და თუ მოწესრიგებულია ძრავის მოწყობილობა და სხვა კომპონენტები, მაშინ პრობლემები არ უნდა იყოს.

ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას, რათა აღურიცხავი, კონტრაბანდული პროდუქცია არ ხვდებოდეს ბაზარზე, ეს არის მნიშვნელოვანი", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ იობაშვილმა.

არსებული მონაცემით, საქართველოში 1,7 მილიონი ავტომობილია. აქედან რამდენია 10 წელზე მეტი ხნის, ზუსტი სტატისტიკა უცნობია, რადგან მათი გარკვეული ნაწილი არ მოძრაობს, შესაბამისად, მათი ე.წ. ჯართად ქცეული მანქანების რაოდენობის დადგენა არ ხდება, რაც საერთო სურათის წარმოჩენას ხელს უშლის.

როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტმა შალვა ოგბაიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განუცხადა, საკანონმდებლო ბაზა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობაზე, რისი ვალდებულებაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი და ავტოპარკის განახლებას მაქსიმალურად უწყობს ხელს.

,,ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რათა საავტომობილო გადაადგილება იყოს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი წახალისდეს. დავიწყებ მუნიციპალური ტრანსპორტით, სახმელეთო ტრანსპორტის აბსოლუტურად ყველა სახეობა -  მიკროავტობუსები თუ  ავტობუსები,  ყველა  ევრო 5-ის და ევრო-6-ის სტანდარტისაა. ზოგი ბუნებრივ აირზე მუშაობს, ზოგი - გაუმჯობესებული ევრო-5-ის ეკოლოგიური  სტანდარტის საწვავზე, რაც არის რეალობა.

რაც შეეხება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას, 2016 წლის 27 დეკემბრიდან, ელექტრომობილების პარკირება გათავისუფლდა  ყოველგვარი გადასახადისგან, რაც ეხება როგორც ჩვეულებრივ, ასევე ე.წ. ზონალურ პარკირებას. გარდა ამისა, ელექტრომობილები საქართველოში იმპორტირებისას ნულოვანი განაკვეთით იბეგრება. ამასთან, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ სატაქსო ბიზნესში ჩაერთოს ელექტრომობილით, გადასახადისგან ლიცენზიაც გათავისუფლებულია. 6 წლამდე ასაკის ჰიბრიდული ავტომობილები იბეგრება მხოლოდ 40%-ით, ნაცვლად იგივე კლასის  შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებისა და სხვა. ყველა ეს ღონისძიება სწორედ ავტოპარკის გაახალგაზრდავებას ემსახურება", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მისივე შეფასებით, ავტოპარკის განახლების კუთხით მნიშვნელოვანია ელექტრომობილების წახალისების პოლიტიკა, რაშიც ქვეყანამ გარკვეულ შედეგს მიაღწია.

"ელექტრომობილების დასატენი  სადგურების ქსელი ფართოვდება, ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება და ამ მხრივ საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს. ეს არის ნაბიჯები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გადაიდგა და პროცესი  წარმატებით გრძელდება. გარდა ამისა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ გვავალდებულებდა  ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებას და ეს კანონიც ამოქმედებულია. ავტომობილი, რომელსაც  კატალიზატორი არ აქვს, ტექნიკურ შემოწმებას ვერ გაივლის. ეს არის ბოლო წლებში მიმდინარე პროცესი, დანარჩენი დროის ფაქტორია, გამოწვევები არის, მაგრამ მთავარია, რომ ავტოპარკი  ახალგაზრდავდება", - აღნიშნა ოგბაიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან".

მიუხედავად იმისა, რომ  ბაზარზე დადებითი ტენდენციებია, ავტოპარკთან დაკავშირებით გამოწვევები მაინც მაღალია.ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 52% 20 წელზე მეტი სიძველისაა, როცა 0-3 წლამდე სიძველის მხოლოდ 2-3%-ია.

11-20 წლამდე ხანდაზმულობის ავტომობილების წილი საქართველოს მთლიან ავტოპარკში 32%-ია, 7-10 წლამდე ხანდაზმულობის - 12%, ხოლო 4-6 წლამდე სიძველის კი მხოლოდ 3%.

წყარო: resonancedaily.com