ბიზნესმენებს მინდა ვუთხრა, სოლიდარობა რომ გამოგეხატათ [სააკაშვილისთვის], აუცილებლად წილში უნდა ჩაგდგომოდით? იცით, რომ თქვენთვის კაპიკი არ გამომირთმევია, თქვენი გამდიდრება, თქვენი წინსვლა როგორც პირადი, ისე მიხაროდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ყოფილმა პრეზიდენტმა, ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზეც და აღნიშნა, რომ „სიტუაცია კონკრეტულია და ხალხი თვითორგანიზებულია“.
„მეუბნებიან, რატომ თქვი, ხალხი ჩამოჰყავთო. ხალხს ჩამოჰყავს თავისთავად. თითოეულ ადამიანს მეორე ადამიანი, დიახ, ჩამოჰყავს. მეორეს - მესამე ადამიანი ჩამოჰყავს. ჩვენც მოვუწოდებთ ხოლმე, რომ მოდი ახლა აქ შევიკრიბოთ ერთადო. რა თქმა უნდა, ეს ჩამოყვანაც არის და ჩამოყოლაც. ერთადერთი მინდა ვთქვა, ხალხო, თქვენ გახსოვთ, რისთვის მასამართლებს ეს კომედია, რობოტების თეატრი. ბიზნესმენებს მინდა ვუთხრა, სოლიდარობა რომ გამოგეხატათ, აუცილებლად წილში უნდა ჩაგდგომოდით? იცით, რომ თქვენთვის კაპიკი არ გამომირთმევია. იცით, რომ თქვენი გამდიდრება, თქვენი წინსვლა მიხაროდა როგორც პირადი. პრაქტიკულად, ბინა არ მაქვს თბილისში, მაგრამ ძალიან მარტივი რაღაცაა - მასამართლებენ იმ ხარჯებისთვის, რაც გაიცა საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ. ამისთვის მიპირებენ, რომ სამუდამო პატიმრობა მომისაჯონ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ნიკა გილაურზე და აღნიშნა, რომ მას გაუხარდებოდა, გილაურმა „ერთხელ მაინც რომ ახსენოს“, ვის დროს იყო ის პრემიერი.
„მივესალმები ნიკა გილაურის ინიციატივას იმის თაობაზე, რომ ეხმარება, მათ შორის, სხვა ბიზნესმენებთან ერთად ჯარიმებს იხდის [მათთვის] ვინც, უკანონოდ არის დაკავებული. ნიკა გილაური ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, გამიხარდებოდა ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერ-მინისტრი. ისე ამბობს, თითქოს ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმა. მაგრამ ნუ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ნიკა. მინდა, მისი მეგობრების ამ ინიციატივას მივესალმო“,- განაცხადა სააკაშვილმა.