დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი აზარტულ და მოგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის გაზრდას ითვალისწინებს.

„კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება. ასევე შეიქმნება დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა სია. განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ და მოგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და ასევე სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს.

ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. ასევე ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.

მკაცრდება აზარტულ და მოგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი იზრდება.

მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილ პროექტში პირველი მოსმენისას კომიტეტებში გამოთქმული შენიშვნები ასახულია.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს მხარი, მეორე მოსმენით დაუჭირა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.